The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ დანიბეგაშვილი

დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1827  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დიპლომატი, ვაჭარი, მოგზაური.

რაფიელ დანიბეგაშვილმა წარუშლელი და განსაკუთრებული კვალი დატოვა მოგზაურობის ისტორიაში. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში, 28 წლის განმავლობაში ხუთჯერ იმოგზაურა აზიის ქვეყნებში; გაიარა დაახლოებით 70 ათასი კილომეტრი (თითქმის ორი ეკვატორის გარშემოწერილობა), რომელიც გეოგრაფიულად მოიცავს წინა, სამხრეთ და ცენტრალური აზიის ვეებერთელა სივრცეს. იგი ქართველი მოგზაურია, რომელმაც აღწერა ინდოეთი და ბირმა, გადაკვეთა ყარა-ყორუმის მაღალი მუდმივთოვლიანი მთაგრეხილი, მოინახულა რამდენიმე სახელმწიფო და იმოგზაურა ფათერაკებით აღსავსე ოკეანეში. მის მოგზაურობას ხშირად ათანასე ნიკიტინის მოგზაურობასაც ადარებენ. დანიბეგაშვილის მოგზაურობის სვლაგეზი და ხანგრძლივობა ბევრად აღმატება სხვა დანარჩენი ქართველი მოგზაურების სვლაგეზს. ამიტომ შეყვანილია იგი მსოფლიოს გამოჩენილ მოგზაურთა სიაში. რაფიელის მამა იოსები, ერეკლე მეორის დავალებით რამდენჯერმე ყოფილა ინდოეთში. მოგზაურობისას თან ხლებია რაფიელიც. საერთოდ, დანიბეგაშვილების მთელი საგვარეულო მიეკუთვნებოდა მოგზაურ ვაჭართა იმ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო ვაჭრობას ეწეოდნენ უცხოეთის სახელმწიფოებთან, არამედ დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდნენ. პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა ინდოეთში რაფილ დანიბეგაშვილს 1795 წლის 15 მარტს დაუწყია თბილისიდან. ეს მოგზაურობა დიდხანს არ გაგრძელებულა და 1797 წელს ისევ საქართველოშია. მას პირნათლად შეუსრულებია ერეკლე მეფის დავალება. მეორედ იმავე წლის შემოდგომაზე გამგზავრებულა და 1799 წლის შემოდგომაზე კვლავ თბილისშია. მეორე მოგზაურობაც ძირითადად დიპლომატიურ მისიას ექვემდებარებოდა. პირველი ორი მოგზაურობიდან მხოლოდ საწყისი და ბოლო პუნქტებია ცნობილი. სამაგიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივი ყოფილა და დეტალურად აუწერია მესამე მოგზაურობა, იგი 1799 წლის მიწურულს დაუწყია და 15 წელი გაგრძელებულა. ეს სვლაგეზი დეტალურია. ამ მოგზაურობის დროს ჩასულა მოსკოვში და დაუწერია თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები. რუსეთში ძალზე დაინტერესებულან ამ მოგზაურობით და ცნობილ რუს მეცნიერს, პროფესორ ივან დვიგუბსკის მოგზაურობის შთაბეჭდილებანი სასწრაფოდ დაუბეჭდია უნივერსიტეტის სტამბაში 1815 წლის 8 მარტს. დიდხანს უცნობი იყო რაფიელ დანიბეგაშვილის სხვა მოგზაურობა, მაგრამ XX საუკუნის 60-იან წლებში ორენბურგისა და ომსკის არქივებში აღმოჩენილი საბუთების მიხედვით გაირკვა, რომ მან კიდევ ორჯერ იმოგზაურა მოსკოვიდან ინდოეთში. მეოთხე და მეხუთე მოგზაურობა, ისტორიული საბუთებით, თითქმის მთლიანად არის ცნობილი. თითოეული გამგზავრების მიზანი სხვადასხვა ყოფილა, რაც გამოხატულია, როგორც საკუთარ ინტერესებში (ვაჭრობა), ისე დიპლომატიური პირობებითაც. ჩატარებული ხუთი მოგზაურობიდან რაფიელ დანიბეგაშვილმა ყველაზე ხანგრძლივი სვლაგეზი აღწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოგზაურობიდან იგი უშუალოდ საქართველოში კი არ დაბრუნებულა, არამედ შუა აზიით ჩასულა მოსკოვში. თუ პირველი ორი მოგზაურობა, ისე როგორც მამის მოგზაურობა, უპირველესად ერეკლე მეფის მიერ ინდოეთში დიპლომატიურ ინტერესებს ექვემდებარებოდა, შემეგი მომგზაურობებით იმ დროის რუსეთს უწევდა სამსახურს. ამას კი ეპოქის გარკვეული პირობები უკარნახებდა. რუსეთში ჩასულ რაფიელს დახვდა გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე გლაზენაპი, რომელმაც მოგზაურს ხელი შეუწყო საფოსტო ცხენებით სწრაფად ჩასულიყო მოსკოვში. საერთოდ, იგი სამიმოსვლოდ იყენებდა ცხენს, აქლემს, საზღვაო და სამდინარო ხომალდს და ბუნებრივია ფეხითაც უხდებოდა სიარული. მოგზაურობის შთაბეჭდილების ბევრი ადგილი ძალზე მოგვაგონებს სამხედრო-სტრატეგიულ აღწერას, რასაც ცხადია, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა იმდროინდელი რუსეთის მმართველი წრეებისათვის. მეოთხე მოგზაურობის დროს მას განსაკუთრებული დავალებაც ჰქონია, რუსეთის მოსაზღვრე მოხეტიალე ტომები რუსეთის ქვეშევრდომი გაეხადა. რაფიელმა ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ საზღვრისპირა ყაზახი ტომები გადმოებირებინა რუსეთისაკენ. ერთგულების ფიცის ტექსტი, გაზახი მეთაურისაგან დადებული, რაფიელმა თან წაიღო და რუსეთის ხელისუფალთ ჩააბარა, რასაც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. რაფიელ დანიბეგაშვილი მიეკუთვნება მსოფლიოს ცნობილ მოგზაურთა რიცხვს. მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოიცა ექვსჯერ (სამჯერ თბილისში და სამჯერ მოსკოვში), რაც თავისთავად მეტყველებს ქართველი მოგზაურის განკუთრებულ დამსახურებაზე გეოგრაფიული მეცნიერების წინაშე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსკოვში, გამომცემლობა "პროგრესის" მიერ 1969 წელს სამ ენაზე (რუსულ, ჰინდის და ინგლისურ ენებზე) დაბეჭდილი რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.102-104

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: