The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ავალიშვილი

დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1769
გარდაცვ. თარიღი:1850  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვსესვიატსკოეს ეკლესია, მოსკოვი
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, დრამატურგი, კალიგრაფი, კოლექციონერი, მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784-1801 წლებში იყო ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენელი რუსეთის იმპერატორის კარზე. აქტიური როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს შეერთების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819-1820 დიპლომატიური მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. იგი ქართული დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ (ავალიშვილის თეატრი). მას მიეწერება ორიგინალური დრამა "მეფე თეიმურაზი" (1791), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მანვე პირველმა თარგმნა ქართულ ენაზე ა. სუმაროკოვის პიესები. ავტორია ლირიკული ლექსების, რომლებიც სამშობლოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილის განცდებსა და სულისკვეთებას გადმოსცემენ. შეადგინა პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს. მეტად მნიშვნელოვანია  გ. ავალიშვილის ღვაწლი მთარგმნელობითს სფეროში. თარგმნა  იმ დროს ევროპასა და რუსეთში პოპულარული ფრანგი, გერმანელი და სხვა ავტორების თხზულებები. გ ავალიშვილის სამოგზაურო დღიურები - "მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით", მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომია. იგი განსაკუთრებით ძვირფასია ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიისათვის. მოგზაურობის მარშრუტი იყო: თბილისი-დასავლეთ საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-იერუსალიმი-კვიპროსი-თარსუსი-კაისერი-არზრუმი-ყარსი-შულავერი-თბილისი. ნაშრომში განხილულია საქართველოს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგი საკითხი, ეგვიპტის და ოსმალეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. არაბებისა და თურქების ყოფა. მოცემულია საინტერესო ცნობები ეგვიპტეში მცხოვრები ქართველების შესახებ. გ. ავალიშვილი იშვიათი კალიგრაფიც იყო. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული ნაშრომი, რომელიც კალიგრაფიული მხედრულით არის დაწერილი. წიგნს ერთვის ნახატები, რომელთა ავტორის ვინაობა დაუდგენელია; მოგზაური.

წყარო:  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1.-თბ., 1975. -გვ. 115; ქართველი ისტორიული მოღვაწენი (IV–XVIII სს.): qim.geქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. -გვ.18

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: