The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გვაზავა

გიორგი გვაზავა
სხვა სახელი:Politicys  (ფსევდონიმი)
X  (ფსევდონიმი)
გ. გ.  (ფსევდონიმი)
მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
მკითხველი  (ფსევდონიმი)
სტამბოლელი  (ფსევდონიმი)
წკიპურტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1869
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1941  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბატინიოლის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

პირველდაწყებითი განათლება ნოქალაქევსა და მარტვილში მიიღო, შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის ოქროს მედალზე დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო "კავკასიის სტიპენდიატი". უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი.

1892-1893წწ. მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება "თავისუფლების ლიგის" შექმნაში. 1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა "საქართველოს ავტონომიის სტატუტი", 1905-1906წწ. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს იყო გაზეთ "ავტონომიური საქართველოს" დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი "Грузинская мысль" (აქტიური თანამშრომლები: ვ. ჩერქეზიშვილიდა მ. წერეთელი). გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წელს ჩავიდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის დელეგატებს გადაეცათ მისივე მონაწილეობით შედგენილი "საქართველოს ხალხის მემორანდუმი". 1910 წელს ჟურნალ "ერის" ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია "ჩეხია", რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ "სახელმწიფოში არსებული წეს-წყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის" გ. გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა. 1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი "საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით", რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 წელს შედიოდა ოზაკომთან (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი) შექმნილი ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონისა და ბათუმის მოლაპარაკებებში ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე - "საქართველოს ავტონომიის შესახებ", რომელზეც მიღებულ იქნა დადგენილება: "უნდა დამყარდეს პოლიტიკური ავტონომია (თვითკანონმდებლობა) დემოკრატიულ რესპუბლიკურ საფუძველზე აგებული". ყრილობამ გ. გვაზავა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი მას პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა დააკისრა. იყო საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგ-ლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი "ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა". 1921 წლიდან იგი ემიგრაციაშია და გვევლინება საქართველოს უფლებათა თავდადებულ დამცველად. პარიზში დასახლების შემდეგ იყო "პრომეთეს" ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939წწ. ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ "პრომეთეს"; ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მას ეკუთვნის რასინის "მითრიდატის", ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთეს" და სხვ. თარგმანები. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (პროზაული ვარიანტი). იყო ქართული ეროვნული ცენტრის წევრი, ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. როდესაც ემიგრაციაში ედპ რამდენიმე ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ ჯგუფს სათავეში ედგა გ. გვაზავა. მისი რედაქტორობით 1929-1935წწ. პარიზში გამოდიოდა "საქა-რთველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო" - გაზეთი  "საქართველო". 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი (1906-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკომი, წევრი (1917-)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაური (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: