The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი)

ანტონ I
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1720
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1788  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოველი, მცხეთა
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში ანტონის სახელით. 1739 წელს ანტონ I-მა გელათის წინამძღვრობა მიიღო. მომდევნო წელს ქუთაისის მიტროპოლიტი გახდა. 1743 წელს დავითგარეჯას სავანეში დაბრუნდა. 1744 წელს იგი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I მტკიცედ შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვას. ბრძოლას მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად; აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს; მძაფრად ილაშქრებდა სომეხ მონოფიზიტთა იმხანად განსაკუთრებით გააქტიურებული პროპაგანდისტული შემოტევების წინააღმდეგ ("მზამეტყველება", 1750-1752); დაიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება; გარს შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა და ანტონ I კათოლიკოსობიდან გადააყენეს. 1756 წელს იგი რუსეთს გაემგზავრა, სადაც თავი იმართლა სინოდის წინაშე. 1757-1762წწ. ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო. 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქადსაქართველოში დაბრუნებისთანავე ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 წელს ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც ანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად 1762-1763წწ. განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 წელს კი რეორგანიზებულ იქნა "ახალ სტამბად". ანტონ I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. ერეკლე II-ის დახმარებით თანდათან გარდაქმნა ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად, დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში. მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მან მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. - თბ., 1975. - გვ. 497-498; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.17-18

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: