The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 2014  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრწანისის რეზიდენციის ეზო, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პრეზიდენტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.

მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე: 1957-1961წწ. საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან  კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი; 1964-1965წწ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად; 1985 წელს  სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა; 1990 წელს იგი გადადგა; 1991 წელს, მ. გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს; იმავე წლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში; 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით; 1992 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; 1995-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი; გადაგდა დაკავებული თანამდებობიდან 2003 წლის 23 ნოემბერს. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპტიო დოქტორი. ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად განსაკუთრებული დამსახურებისთვის და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის დაჯილდოებულია ჰამბურგის საქველმოქმედო საზოგადოების იმანუელ კანტის (გერმანია) სახელობის პრემიით (1992), "მხიარული ავგუსტინეს" ორდენით (ვენა, 1992), ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის - საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილის, ასევე ახალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შესანიშნავი მიღწევების აღსანიშნავად - ნიქსონის სახელობის საგანგებო პრემიით (1997), საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და სოციალური მიღწევებისათვის - ონასისის ფონდის პრემიით (1997), წიგნისათვის "ჩემი არჩევანი" - კალიფორნიის მეცნიერების, განათლების, მრეწველობის და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ა. აინშტაინის სახელობის დიდი ოქროს მედალით (1998), უდიდესი დამსახურებისათვის მსოფლიოში სპორტის განვითარების საქმეში და ოლიმპიური იდეალების ერთგულებისათვის - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ოქროს ორდენით (1998), საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის  - ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემიით (1998), სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - "უმაღლესი ხარისხის დიდი ფედერალური ჯვარი" (1999), თავად იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით (უკრაინა, 1999), იერუსალიმის საპატრიარქოს "წმინდა აკლდამის რაინდთა წმინდა ჯვრის ორდენით" (2000). რამდენიმე წიგნის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.357; საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1976-)
  • საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიურო, წევრი (1985-1990)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, თავმჯდომარე (1995-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1981 - სოციალისტური შრომის გმირი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი (5 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: