The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ დოდაშვილი

სოლომონ დოდაშვილი
სხვა სახელი:სოლომონ დოდაევ-მაღაროელი
გორსკი  (ფსევდონიმი)
დოდაევ-მაღარსკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1805
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1836  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი მაღარო.

1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში; 1820 წელს - თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1822 წელს დაამთავრა; 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს დაბრუნდა თბილისში.

1828 წელს იყო გაზეთ "ტფილისის უწყებანის" (Тифлисские ведомости) ქართული გამოცემის რედაქტორი. 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის; 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში. მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის მოწინავე პროგრესულმა აზროვნებამ. პეტერბურგში იგი დეკაბრისტების გამოსვლას დაესწრო და მათი უმოწყალო დასჯის მოწმე გახდა, რამაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. მან საქართველოში ჩამოიტანა დეკაბრისტ კ. რილეევის "ნალივაიკო", რომელიც დაპატიმრების დროს აღმოუჩინეს. მისი ფილოსოფიური შრომებია "ლოგიკა", "ლოგიკის მეთოდოლოგია" და "რიტორიკა" (1828). მისი აზრით, ფილოსოფიის ობიექტი არის ადამიანის შინაგანი სამყარო, ანუ "სამყარო ჩვენში", რომელსაც იგი მჭიდროდ უკვაშირებს მატერიალურ სამყაროს, ლოგიკის ობიექტად კი "საერთო აზროვნების წესებს", ანუ "გონებისა და აზროვნების საყოველთაო და უცვლელ კანონებს" მიიჩნევს. მან ლოგიკიდან და, საერთოდ, ფილოსოფიიდან გამორიცხა ყოველგვარი ზებუნებრივი ძალა. სინამდვილის შემეცნების ერთადერთ გზად ასახვა აღიარა. აკრიტიკებდა რა სკეპტიციზმსა და სხვა "მცდარ მიმდინარეობათ", იგი წერდა: "ჩვენ შევიცნობთ ასახვის გზით". ლოგიკის მეთოდოლოგიის ამოცანად მას მიაჩნდა შემეცნების სრულყოფა, შემეცნების საზღვრების გაფართოება ანუ ლოგიკის გამოყენება პრაქტიკაში. "რიტორიკაში" იგი განიხილავს ესთეტიკის ზოგად პრობლემატიკას, ეხება პროზისა და პოეზიის, მჭევრმეტყველებისა და, საერთოდ, ხელოვნების თეორიას, ხელოვნებაში მისთვის ძირითადია შინაარსი და არა ფორმა, შინაარსი კი ობიექტური სინამდვილით არის გაპირობებული. შემოქმედისათვის აუცილებელია განათლება, ჭეშმარიტების სიყვარული, ბუნებრივი მონაცემები, დიდი მგრძნობიარობა. იგი ილაშქრებს ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, ქადაგებს განათლების ფართოდ დანერგვას. მისი განმანათლებლური იდეები პატრიოტიზმით იყო ნაკარნახევი. დოდაშვილის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო თერგდალეულთა მოღვაწეობას. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. ჯერ კიდევ 1830 წელს დაიბეჭდა მისი სასკოლო გრამატიკა სათაურით "შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" (1827). წიგნის მიზანია გამართული წერა-კითხვისა და სწორი მეტყველების სწავლება. მასში შეტანილია შემდეგი დისციპლინები: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია. მისი გრამატიკა გამოირჩევა მასალის მწყობრი და თანმიმდევრული განხილვით, ნათელი მსჯელობით, მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით. დახასიათებულია ბრუნვათა სინტაქსური ფუნქციები. სოლომონ დოდაშვილი იყო ბელეტრისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. მის თხზულებაში "რიტორიკა" განხილულია ე.წ. "აღმკობლის პროზის" (მხატვრული პროზის) თეორიის საკითხები. აქვე ეხება იგი გრამატიკის, სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის საკითხებსაც. მისი "მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "სალიტერატურონი ნაწილნი "ტფილისის უწყებათანი" (1832, N 1, 2), ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდაა; ავტორი ასაბუთებს ქართული მწერლობის თვითმყოფობას, მიმოიხილავს ქართველ მწერალთა, მთარგმნელთა და ფილოსოფოსთა მოღვაწეობას. აღნიშნულ ჟურნალშივე გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "ელენა" (N4, 5). მან დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც (წერილები ი. ხელაშვილისადმი, ფ. კიკნაძისადმი, ანა დედოფლისადმი, ოქროპირ ბატონიშვილისადმი და სხვ.). ქართველი განმანათლებელი, ფილოსოფოს-ლოგიკოსი, ჟურნალისტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი, ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში (გარდაიცვალა გადასახლებაში, რუსეთში ვიატკის საპყრობილეში დაკრძალეს იქვე, ვიატკაში ე. წ. "აქტრიის სასაფლაოზე". 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ., 2018.-გვ.878; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.603-604

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: