The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1973  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ანთროპოლოგი, გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1900 წელს.

1900-1917წწ. სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში (უნივერსიტეტი, ქალთა უმაღლესი კურსები და კომერციული ინსტიტუტი). ამასთან, იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ეთნიკურ-ანთროპოლოგიურ საკითხებს; მოაწყო სამეცნიერო ექსპედიციები საქართველოს რიგ რეგიონებში. მიღებულ შედეგებზე გამოაქვეყნა სტატიები და მონოგრაფიები; დაადგინა, რომ საქართველო ქართველთა თავდაპირველ სამშობლოს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია მისივე მოსაზრება ქართველ და, საერთოდ, კავკასიელ ებრაელთა განსაკუთრებული ანთროპოლოგიური ტიპის არარსებობის შესახებ; სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში გავრელებულ დოლიკეფალიის პრობლემებს. მან დაიმსახურა ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ფუძემდებლის სახელი. 1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა როგორც აღიარებული მეცნიერი და სათავეში ჩაუდგა საქართველოში გეოგრაფიული დაწესებულებების შექმნასა და კადრების აღზრდას. 1917-1921წწ. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია, ამავე დროს, 1918-1922წწ. საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის დირექტორიცაა. 1917-1920წწ. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების და მისი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ორგანიზციაში; 1920-1973წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოაწყო გეოგრაფიული განყოფილების კათედრები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების კაბინეტები, გეოგრაფიული მუზეუმი და ბიბლიოთეკა; 1921-1922წწ. იყო საბუნებისმეტყველო, 1930-1932წწ და 1939-1940წწ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1920-1934წწ. საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის, 1935-1973წწ. გეომორფოლოგიის კათედრის გამგე. მისივე ხელმძღვანელობით ბათუმში (1935-1938), გორში (1943-1949) და ქუთაისში (1933-1936) გაიხსნა პედაგოგიური ინსტიტუტების გეოგრაფიის ფაკულტეტები და კათედრები, განაგებდა ამ კათედრებს და კითხულობდა ლექციებს; 1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება და ამ საზოგადოებასთან კარტოგრაფიული კაბინეტი (1925-1933წწ. კარტოგრაფიის ინსტიტუტი); 1933 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი 1962 წლამდე იყო. მეტად ნაყოფიერი იყო მისი სამეცნიერო მუშაობაც. მისი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება საქართველოს - გეომორფოლოგიის, კლიმატოლოგიის, ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის, ლანდშაფტმცოდნეობის და კარტოგრაფიის, გეოგრაფიის ისტორიის, სამხედრო გეოგრაფიის საკითხებს; საყურადღებო ნაშრომი შექმნა ანთროპოლოგიაში, ლანდშაფტმცოდნეობაში; მნიშვნელოვანი გამოკვლევებია შესრულებული თეორიულ საკითხებში - გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურის, ამ მეცნიერებისა და მისი დარგების საგნის და ამოცანების შესახებ და სხვ. იკვლევდა პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებსაც; საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების სისტემატურ კვლევა-ძიებას და გამოყენებას; დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ეროვნული ატლასის შექმნაში (1964); მის მიერ შედგენილია არაერთი სასწავლო და სამეცნიერო რუკა; მისი ხელმძღვანელობით შედგა და გამოიცა გეოგრაფიული სასწავლო ატლასები და პირველი ქართული გლობუსი; მისი ხელმძღვანელობით შედგა და გამოიცა "საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის" სასკოლო სახელმძღვანელო. ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა კავკასიონზე ერთ-ერთ მწვერვალს, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკას. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1940).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 525-526; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.316-317

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1973)
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოება, დამფუძნებელი (1924-)
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (1940-1970)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1955 - სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი
  • 1953 - ლენინის ორდენი
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: