The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 2021  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1969 წელს.

იყო საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმის რედაქციის რედაქტორი, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, ტელეგადაცემათა ციკლის "100 ქართული ხალხური სიმღერა" წამყვანი. 1968 ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი "რუსთავი"; 1983–1996წწ. უცხოური ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართყლი ხალხური სიმღერა, რომლებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. 1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი "მართვე", რომელსაც 2000 წლამდემდე ხელმძღვანელობდა; 1994 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე. აღსანიშნავია ა. ერქომაიშვილის, როგორც ხალხური მუსიკის შემკრების, დამსახურება. მან 1972-იდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა "მელოდიაში" გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ; 1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წწ. ინგლისური ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას; აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა; 1985–1989 წწ. მოიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა "მელოდიაში" ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა; ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ხმა ერთად, ისე თითოეული ცალკ-ცალკე, სადაც ნათლად ჩანს თითოეული მომღერლის საშემსრულებლო მანერა; აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება; ავტორია წიგნებისა: "ბაბუა" (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), "შავი შაშვი ჩიოდა" (1989), "ძველი სიმღერების კვალდაკვალ" (1979). მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N60 ოზურგუთის საარჩევნო ოლქიდან; არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მუსიკალური ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი. ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი და მოწაფე.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.157; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.2004

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კოპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1995-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2009)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის
  • 2004 - ილია ჭავჭავაძის მედალი, "მარად და ყველგან,საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1993 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1988 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1983 - ალბერტ შვაიცერის სახელობის საერთაშორისო პრემია (ანსამბლ "რუსთავთან" ერთად)
  • 1981 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: