| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მეძმარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1969 წელს. 1961-1963 წწ. მუშაობდა "საქსოფელექტრომშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ (ბათუმი), 1969 წლიდან იყო: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი, ინსტიტუტის გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე, სპი-ს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე; მუშაობდა სტუდენტთა საკვლევ - საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის პროფესორად, შემდგომ კი თავისივე ინიციატივით დაარსებული სტრუქტურებისა და ორგანიზაციების: სამხედრო - საინჟინრო შეიარაღებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგედ; მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანება "კომეტას" თბილისის ქვედანაყოფის, შემდგომ სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად და უფროსად (1981–1991); საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალურ კონსტრუქტორად და გენერალურ დირექტორად (1991–2006); 1999-2004წწ. იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში (1999–2006); მისივე ინიციატივით შექმნილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო - საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (2000–2006); ელგუჯა მეძმარიაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი (2006 წლიდან), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (1995-წლიდან) და სამთო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (2015-წლიდან), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს - მდივანი (2019-წლიდან); აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო - საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია: საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება; საბრძოლო მოქმედებების სამხედრო - საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია; 1981-1989 წლებში ელგუჯა მეძმარიაშვილმა "საიდუმლო", "სრულიად საიდუმლო" და "განსაკუთრებული მნიშვნელობის" სამთავრობო დადგენილებებით, გადაწყვეტილებებით და სამთავრობო ბრძანებებით, უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დაამუშავა და შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები, რომლებიც აგებული იყო დიდი ზომის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე; ასევე უშუალოდ მონაწილეობდა "ღია ლიტერატურაში" გამოქვეყნებულ კოსმოსურ პროგრამებში, მათ შორის: ორი შეწყვილებული, წრიული გასაშლელი კონსტრუქცია "კრაბის" შექმნაში, რომელიც განხორციელდა 1989 წელს კოსმოსურ ხომალდ "პროგრეს 40-ზე" და 14,5-მეტრიანი ასაწყობი კონსტრუქციის საბაზო ნაწილის შექმნაში, რომელიც ორბიტულ სადგურ "მირზე" აიგო 1991 წელს; მისი სამეცნიერო და საპროექტო კონცეფციით საქართველოში აშენდა კოსმოსური ნაგებობების აგებისა და სრულმასშტაბიანი გამოცდების სასტენდო კომპლექსი საგურამოში და ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში აიგო მიწის ზედა ტრანსფორმირებადი ნაგებობების ექსტრემალურ პირობებში გამოცდების პოლიგონი; საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი", რომელიც 1999 წლის 23-28 ივლისს, ღიაკოსმოსურ სივრცეში, წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და მოძრაობა დაიწყო დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ ორბიტაზე; საქართველოში 23 ივლისი დაწესდა "პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ", როგორც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მოვლენა - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N337, 19.VII.2002; ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვითი დანიშნულებისა და ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი მობილური, სწრაფ ასაგები 48-მეტრიანი სიგრძის ხიდი; საქართველოს სამგანზომილებიანი სამხედრო - საინჟინრო რუკა; საქართველოს ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების სამხედრო - საინჟინრო კატალოგების შექმნა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესრულება; სპეციალური რაიონების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკის შექმნა; ელგუჯა მეძმარიაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სახელმძღვანელოები, სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი და მონოგრაფიები; არის მრავალი გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის პატენტები; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შესრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები (1996-2025) კომპანიებისა და ორგანიზაციების: "Daimler Benz Aerospace" - გერმანია, "Alenia Aerospazio" - იტალია, "მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი", ევროპული კოსმოსური სააგენტო - ESA და "EOS Data Analytics" - აშშ კონტრაქტებით, მათ შორის, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტენდერში გამარჯვებული პროექტი (2001), ახალი თაობის დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად; თანამედროვე, დიდი ზომის გასაშლელი, კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შექმნაში პრიორიტეტულად მიჩნეული, პანტოგრაფული რგოლის კონსტრუქციები ‒ რგოლური არქიტექტურა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ჩაისახა და განვითარდა, ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში, მისი ლიდერობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბჭოთა კოსმოსური პროგრამებისთვის; ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ ასევე დამუშავდა ტრანსფორმირებადი კოსმოსური რეფლექტორების გასაშლელი რგოლის ძირითადი სტრუქტურული სქემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორული ანტენების პროექტებსა და რგოლურ კონსტრუქციებშია გამოყენებული; განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის, რომ: დაძაბულობით ინტეგრირებული ვანტურ-ღეროვანი სისტემები და მისი კონცეფციები, გასაშლელი, კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად პირველად იქნა შემოთავაზებული და გამოყენებული ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ, მოგვიანებით კი Comet Ingenieria-ს მიერ; ESA-ს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო იყო მეოთხე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებისა, რუსეთისა და იაპონიის შემდეგ, რომელმაც შეძლო ორბიტაზე გაეყვანა დიდ გაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი; ამასთანავე ESA-ს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ‒ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, პირველად მსოფლიოში, ლაბორატორიულ პირობებში, ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და გამოცდა ჩაუტარდა 30 მეტრი დიამეტრის, გასაშლელ კოსმოსურ რეფლექტორს და ეს ფაქტი ჯერჯერობით ერთადერთია მსოფლიოში; აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის ევროპული, გასაშლელი, დიდგაბარიტიანი ანტენის, LDA-ს კოსმოსური პროგრამის შესრულება, რომელიც პირველად ESA-ს მიერ 2001 წელს გამოქვეყნებული ტენდერის საფუძველზე, სამრეწველო კონცეფციით დაიწყო კომპანია Thales Alenia Space of Itali-მ, კომპანია " Energia. Georgian Politeqnical Intelect. Space"‒EGS-მა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სერგეი კოროლიოვის სახელობის სარაკეტო - კოსმოსურმა კორპორაცია "ენერგიამ, მცირე ცვლილებების გარდა, დიზაინით ძირითადად ემთხვევა ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილ კოსმოსური ობიექტის კონსტრუქციას, რომელიც ორბიტულ სადგურ "მირზე" გამოიცადა; ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ESA-ს მიერ გამოცხადებული მეორე პროგრამა ევროპული გასაშლელი ანტენების შესაქმნელად, კოოპერაციამ სხვა წევრებთან ერთად დაავალა კოსმოსური ტექნიკის ქართული სკოლის წარმომადგენელს, გერმანიაში მოღვაწე, დოქტორ ლერი დათაშვილს, რომელიც ელგუჯა მეძმარიაშვილის აღზრდილია; აღსანიშნავია ისიც, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ საქართველოში შექმნილმა კოსმოსური ტექნიკის სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა დარგმა განაპირობა ESA-ს 2000 წლის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი: "აშშ-ში ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ მათი მოწოდების გარანტია რჩება კითხვის ქვეშ. ამასთან, ზოგიერთი დამუშავება შესრულებული იყო თავდაცვის დეპარტამენტის სახსრებით, რამაც შეიძლება მკაცრად შეზღუდოს მათი გადმოცემა. ზოგიერთი სამუშაოები, მოცემულ დროში "NASDA"-ს სახსრებით წარმოებს იაპონიაში. ხოლო ქართულ-რუსული კომპანია (ყოფილი საბჭოთა კავშირი) ფლობს წარსულ გამოცდილებას და შესაძლებლობებს ერთობლივი კომპანიის შესაქმნელად. ამასთან, ევროპულმა კოსმოსურმა საგენტომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ კომპანიის ევროპულ მიმართულებას, რომელიც გამოიხატება მიწოდების გარანტიებით ევროპული პირველადი შემსრულებლებისათვის"; აღსანიშნავია, რომ 2002 წელს, კემბრიჯში გაიმართა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენცია კოსმოსური ტექნიკის დარგში, საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო კონფერენციის ლოგოდ მიჩნეულ იქნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოსახულება ორბიტაზე ფრენის დროს; მისი სამეცნიერო სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა ახალი დისციპლინა "ტრანსფორმირებადი ნაგებობები", რომელიც 2009 წლიდან, როგორც ძირითადი საგანი, იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში; ელგუჯა მეძმარიაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2011 წელს, საქართველოში პირველად, აამოქმედა სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერების დარგში. იგი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსებული სამხედრო ჟურნალის −"სამხედრო მეცნიერება. საქართველო" − რედაქტორი (2016 წლიდან). სამხედრო მოღვაწეობა და სამსახური: სამხედრო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1977-1981წწ. სამხედრო-საიერიშო ხიდების შექმნა, საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, სამეცნიერო ინსტიტუტთან და სამხედრო-საინჟინრო აკადემისთან თანამშრომლობით; სამხედრო, სამეცნიერო - ტექნიკური მოღვაწეობა - 1981-1989წწ. ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენის კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსების შექმნა, საკავშირო მინისტრთა საბჭოს სამხედრო-სამრეწველო კომისიის გადაწყვეტილებით და თავდაცვის სამინისტროს ბრძანებებით; სამხედრო მოღვაწეობა - 1995-1999წწ. საქართველოში სამხედრო - საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელობა; სამხედრო სამსახური - 1999-2006წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო-საინჟინრო დარგში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (1995), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (2005), გენერალ-მაიორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი სივრცითი კომბინირებულ - კომპლექსური თაღოვანი დახურვის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები"; სადოქტორო დისერტაციის თემა ტექნიკის მეცნიერებათა დარგში - "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების, ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდების მიწისზედა კომპლექსი"; სადოქტორო დისერტაციის თემა სამხედრო მეცნიერებათა დარგში - "საქართველოს ტერიტორიის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვისათვის მომზადება და საბრძოლო მოქმედებათა ერთიანი, სახელმწიფო უზრუნველყოფის საინჟინრო სისტემები". წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.87; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 256; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.398; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

