The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)

ამბროსი
ოფიციალური სახელი:ბესარიონ ხელაია
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1861
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1927  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1885 წელს; ყაზანის სასულიერო აკადემია 1901 წელს.
1887-1896წწ. იყო მღვდლად სოჭში, შემდეგ სოხუმში; სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი; 1900 წელს ბერად აღიკვეცა; 1901 წელს დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად; 1904 წელს გადაიყვანეს მონასტრის წინამძღვრად; იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს; 1917 წლის აგვისტოში დაბრუნდა საქართველოში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი, 1921 წლის სექტემბრიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი; იგი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს; ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ პეტერბურგის ("უწყებებში") და ქართულ ("ამბერი") პერიოდულ პრესაში; მისი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", დაიბეჭდა ჟურნალებში "განთიადი" და "ცხოვრება" (1915-1917); აღმოაჩინა "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ჭელიშური ვარიანტი; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში; იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1922 წელს დაპატიმრეს; 1924 წლის ბოლომდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში; მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1995 წლის 18 სექტემბერს იგი წმინდანად შერაცხა და მის მოსახსენებელ დღედ დაწესდა 29 მარტი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.20; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სინოდური კანტორა, წევრი
  • საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: