შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი შევარდნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში 1907-1912წწ; მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში 1912 წელს. 1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი, თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში; 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში; 1917 წელს მისი თაოსნობით "დიდების ტაძარში" მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; 1917 წელს მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში; 1918 წელს შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი; 1925 წელს შექმნა ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი; ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა: "ავტოპორტრეტი"(1910), "ქალი ფანჯარასთან საკერავით"(1913), "მოხუცი პროფილში"(1914), "მათემატიკის მასწავლებელი"(1918); მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის"(1924), მ. ბალანჩივაძის ოპერის "თამარ ცბიერისა"(1926) და დ. არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე"(1919) კოსტუმების ესკიზები; პირველი ქართული პანტომიმის "მზეთამზე"(თ. ვახვახიშვილის, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები; იგი იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – "ქრისტინეს"(1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: "ვინ არის დამნაშავე?"(1925), "ელისო"(1928), "ჯანყი გურიაში"(1929). დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლისა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართული ისტორიული ძეგლების დაცვაში. დიდი მუშაობა გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების, სურათების გამოფენა-თავმოყრა-შესწავლა-პოპულარიზაციაში. 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, რეაბილიტირებული 1956 წელს. 2012 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელი საქართველოს ეროვნული გალერეას დაერქვა. ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.702 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |