The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ აბაკელია

იოსებ აბაკელია
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1938  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში შევიდა, მაგრამ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და განთავისუფლების შემდეგ ოდესაში ცხოვრება აეკრძალა, რის გამოც სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1918 წლის თებერვალში საქართველოში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე აირჩიეს ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად და კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად ესერთა პარტიიდან და ფუნქციონირების ამოწურვამდე რჩებოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1918 წლის 1 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, აირჩიეს ეროვნული საბჭოს მდივნის, დ. ონიაშვილის თანაშემწედ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1922 წელს მისი თაოსნობით თბილისში დაარსდა ტუბერკულოზის ამბულატორია, 1930 წლიდან კი ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო; 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას; 1933 წლიდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1921 წელს გამოაქვეყნა ტუბერკულოზის პირველი ქართული სახელმძღვანელო. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. ქართველ ფთიზიატრებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდ გაშალა ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციული და  მეცნიერულ-პრაქტიკული საქმიანობა. დიდი ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. მიუხედავად ამ დიდი დამსახურებისა და სფეროს აქტუალობისა, მაინც რეპრესიების მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა. საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 7

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტია, წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: