The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰაიდარ აბაშიძე

ჰაიდარ აბაშიძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1893
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1966  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908წწ. სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი.

1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებოსათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. 1918-1920 წლებში იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის აქტიური წევრი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის სანოტარო ბიუროში (თარჯიმნად), ბათუმის N2 საშუალო სკოლის მასწავლებლად, ჭიათურის შავი ქვის წარმოებაში; მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კითხულობდა ლექციებს. ჰაიდარ აბაშიძე ფლობდა ქართულ, რუსულ, თურქულ და არაბულ ენებს. აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს გაზეთებში: "სამუსლიმანო საქართველო", "სამშობლო", "ბათუმის გაზეთი", "ცხოვრება", "სახალხო ფურცელი", "საბჭოთა აჭარა". ინიციატორი იყო ყოროლისთავში სკოლის გახსნისა. მან დედის სახლ-კარი უსასყიდლოდ დაუთმო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 1966 წელს გარდაცვლილი ჰაიდარ აბაშიძე პირველი მუსლიმანი ქართველია, რომელიც ჩვენი ერის ცნობილ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონს მიაბარეს. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას (განლაგებულია პეტრე მელიქიშვილისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის). მის საცხოვრებელ სახლზე (1893-1932) განთავსებულია მემორიალური აბრა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.23; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ. 21;   საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ. 133

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963. - 183გვ.

გააზიარე: