The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რადიშ თორდია

რადიშ თორდია
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

1953-1957წწ. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში; 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1962 წელს.

1962 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის გალერეებში; მისი პოეტური სულის მოძრაობაა ასახული ჯერ კიდევ XX ს. 60–70-იან წლებში შესრულებულ სურათებში: "მოხუცი ბაბუაწვერათი" (1968, საქართვ. სურათების გალერეა; მეორე ვარიანტი – პიტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ქ. კელნი), "მსახიობი ქალი ყვავილებით" (1978, საქართვ. სურათების გალერეა). ფაქიზი განწყობილებითაა გადმოცემული "მარინეს პორტრეტი" (1980, საქართვ. სურათების გალერეა). ამავე პერიოდში შეასრულა თბილ. მეტროპოლიტენის სადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მოზაიკური პანო [(1980) თანაავტორებთან ერთად, საქართვ. სახელმწ. პრემია (1980)]. მხატვრის პროფ. ოსტატობა, დახვეწილი კოლორიტი და ნახატის თანდათანობითი სრულყოფა კარგად აისახა 80–90-იან წლებში შესრულებულ სურათებში: "მოხუცის პორტრეტი" (1980, საქართვ. სამხატვრო ფონდი), "ზაფხული, ლიკანი და გოგონა" (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), "მუსიკოსი" (1981, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "მხატვრის სახელოსნო" (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), "ცირკი" (1983, გერმანია, კერძო კოლექცია), "ცირკი, ბავშვობის მოგონებები" (1984, საფრანგეთი, კერძო გალერეა), "კაფე" (1985, ბერლინი, კერძო კოლექცია), "შემოდგომა ტყეში" (1986, შვეიცარია, კერძო კოლექცია), "გოგონა სანთლით" (1987, კანადა, კერძო კოლექცია), "ქალი ჩიტით" (1988, გაეროს მუზეუმი, ნიუ-იორკი), "ცირკი"(1989, კერძო კოლექცია, ვაშინგტონი), "მელანქოლია" (1992, ხელოვნების გალერეა, ქ. ჰიურთი, გერმანია), "გოგონა ნაძვის ხესთან"(1994, თურქეთი, კერძო კოლექცია) და სხვ. თ-ს პერსონალური გამოფენები მოეწყო: ტუნისში (1984), მოსკოვში (1988), თბილისში (1988, 1990), კელნში (1992). ცალკეული ნამუშევრები ექსპონირებული იყო სირიაში, ინდოეთში, ესპანეთში, კანადაში, აშშ-ში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეციასა და სხვ. ქვეყნებში. თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ფერწერის განვითარებაში; ფერმწერი და გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.91; artgalleryline.comწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.35

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობა , მდივანი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: