The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჭოღოშვილი

ლევან ჭოღოშვილი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მხატვარ-ფერმწერის სპეციალობით 1976 წელს.

1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება და სხვა მხატვრებთან ერთად მონაწილეობს არაოფიციალურ გამოფენებში: ვალერიან სიდამონ-ერისთავის დის ბინაში (1976), თეატრალური საზოგადოების (ე. წ. სტელას) დარბაზში (1977-1978), საბურთალოს სამედიცინო კლინიკის საგამოფენო სივრცესა (1979) და ა. შ. მანამდე კი ყალიბდება ლევან ჭოღოშვილის კონტრპოზიცია - მხატვრულ-ინტელექტუალური, ისტორიულ-პოლიტიკური, კონცეპტუალური დაპირისპირება საბჭოთა იდეოლოგიზირებულ გარემოსა და სახელოვნებო რეალობასთან. ჯერ კიდევ 1973 წლიდან , იქმნება მისი ყველაზე ცნობილი სერია, ე. წ. ფერწერა-ფოტოებიდან, სურათები ფოტოებიდან, სადაც ის უკვე მიზანმიმართულად იყენებს ანექსია-გასაბჭოებამდელ დოკუმენტებს-საოჯახო ფოტოსურათებს. 1975 წელს მხატვარი ქმნის "ზურაბ არაგვის ერისთავის მკვლელობის" პირველ ვერსიას. ასე შემოდის ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში ისტორიული დრო და პერსონაჟი - XVII საუკუნის საქართველო. სერია "განადგურებული არისტოკრატია" (1973-1989) პოლისტილურია, რადგან ერთ მთლიანობად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ მეთოდს: თბილისური და ყაჯარული პორტრეტების, არაბული, სპარსული, სომხური მინიატიურის, პოლონურ-სარმატულის, ადრეშოტლანდიური პორტრეტის, მოდერნიზმის ენასა და ა. შ. ლ. ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. მის შემოქმედებაში გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები, რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები. მიღებული აქვს ანკარის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის მთავარი პრიზი (1995), საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი საუკეთესო ნაციონალური სელექციისთვის (კანის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, 1995). 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 403; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 32-33; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ძველი ქრისტიანული მხატვრობის დაცვის საზოგადოება, თავმჯდომარე

გააზიარე: