შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გაბარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ს. კოზოლუპოვის კლასი) 1962 წელს; კონსერვატორიის ასპირანტურა მ. როსტროპოვიჩის ხელმძღვანელობით. 1962 წელს იწყება მისი საკონცერტო მოღვაწეობა და იზრდება მისი საერთაშორისო აღიარება; 1966 წელს ო. თაქთაქიშვილის ინიციატივით შეიქმნა "ქართველ ვარსკვლავთა" ტრიო - თ. გაბარაშვილის, მ. მდივნისა და ლ. ისაკაძის შემადგენლობით; 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა დუეტი თ. გაბარაშვილისა და მ. მდივნის, ხოლო ცოტა მოგვიანებით დუეტები - თ. გაბარაშვილისა და ვ. კრაინევის, თ. გაბარაშვილისა და ნ. დიმიტრიადის შემადგენლობით; ამ ანსამბლებმა 80 - იან წლებში სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი კონცერტის დიდი ციკლი გამართეს და საერთო მოწონება დაიმსახურეს. გარდა კამერული მუსიკისა, თ. გაბარაშვილი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს, არტურო ტოსკანინის სახელობის, ემილია რომანიასა, მოსკოვისა და სხვა სიმფონიურ ორკესტრებთან; მისი რეპერტუარი მოიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჩელოსთვის დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს, ეს ეხება, როგორც კამერულ, ასევე დიდი ფორმის ნაწარმოებებს: ი. ჰაიდნი, ლ. ბეთჰოვენი, რ. შუმანი, ი. ბრამსი, კ. სენ-სანსი, ა. დვორჟაკი, პ. ჩაიკოვსკი, დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ს. რახმანინოვი, რ. შტრაუსი, ი. სტრავინსკი, კ. დებიუსი, გ. ფ. ტელემანი, ბ. ბრიტენი, ა. შნიტკე, ა. ეშპაი, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, ნ. ნასიძე; მან კონცერტებით მოიარა სსრკ თითქმის ყველა დიდი ქალაქი და საზღვარგარეთის ქვეყნები: აშშ, კანადა, გერმანია, იტალია, ესპანეთი, იუგოსლავია, ჩინეთი, კორეა, ბულგარეთი, რუმინეთი, არგენტინა და სხვა. მ. როსტროპოვიჩის თაოსნობით მუსიკოსმა და ვიოლონჩელისტთა პლეადამ კუთვნილი ადგილი დაუმკვიდრა ამ ინსტრუმენტს და გაზარდა მისი პოპულარობა და სრულად გამოამჟღავნა ჩელოს შესაძლებლობები; 1986 წლიდან გაბარაშვილი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის კონსერვატორიაში და სათავეში უდგება ჩელოს, არფის, კონტრაბასისა და გიტარის კათედრას. არის ჰელსინკში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ვიოლონჩელისტების მსოფლიო ფესტივალის მუსიკალური კონკურსის ოქროს მედლის მფლობელი (1962), ბუდაპეშტის პაბლო კაზალსკის სახ. საერთაშორისო კონკურსის III ხარისხის პრემიისა (1963) და პეტრე ჩაიკოვსკის სახ. საერთაშორისო კონკურსის IV ხარისხის პრემიის მფლობელი (1966, მოსკოვი). ვიოლონჩელისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.52; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |