The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია გაბაშვილი

Other name:მაია გაბაონი
Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Historical Person, Poet

Biography

დიდი კულტურული ტრადიციებით ცნობილი გვარის წარმომადგენელი მაია გაბაშვილი XVIII საუკუნის პოეტია, მის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება (ზოგიერთი მკვლევარის აზრით იგი ცხოვრობდა მე-18 საუკუნის მიწურულში და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მისი მამა, ზაზა, გარსევან ჭავჭავაძის დელეგაციის შემადგენლობის წევრი და მდივანი-ზაზა გაბაონი უნდა ყოფილიყო). ხელნაწერმა შემოგვინახა მაია გაბაშვილის ერთადერთი ლექსი–ანბანთქება, "გამოცანა ანბანზე". ამ აწარმოებით ვიგებთ, რომ ის გაბაშვილების გვარისაა: "მელექსე ვინცა იკითხოს, ვინ არის, ვისი გვარისა, გაბაოვისა ასული, მისივე გვარი არისა". პოეტის სახელი ჩანს ნაწარმოების მინაწერიდან: "გასრულდა მაიას ნათქვამი, ღმერთო აცხონე!" ნაწარმოების დასაწყისში პოეტი ერთგვარ განმარტებას იძლევა იმის შესახებ, თუ რაზე იქნება მსჯელობა: "ან ასე მინდა ანბანის გამოცანა ვთქვა ენითა: ვის ვმონებთ, ანუ სით წავალთ, სახელად რა გვიხმენითა, მშვილდი რისა გვაქვს, ისარი ან რისა იხმარენითა, და ნადირს რას მოვკლავთ, რაში ვკრავთ, ქვევითად სდევთ თუ ცხენითა?" ანბანთქება პოეტს ახალგაზრდობისას დაუწერია: "სიყრმისა ჟამსა წარმოვსთქვი, ოსტატს არ მივეფარისა, ნუვინ მიკიცხავთ ავათ თქმას, ვის შუქი გადგასთ მთვარისა". ნაწარმოები შესრულებულია მაღალ დონეზე. ანბანთქების წერისას პოეტი ერთგვარად შეზღუდული იყო, მაგრამ მაინც მკვეთრად ჩანს მისი გონებამახვილობა, მხატვრული გემოვნება. მაია განათლებული ქალი ყოფილა, იგი კარგად ფლობდა მეცნიერების სხვადასხვა დარგს-გეოგრაფიას, ისტორიას, მითოლოგიას და ა. შ. ნაწარმოები ნათლად გამოხატავს პოეტის თანადროული საზოგადოების ინტერესებს, მისი კულტურისა და განვითარების დონეს. მაია გაბაშვილის ანბანთქება დაცულია მხოლოდ ერთ ხელნაწერში, XVIII-– XIX საუკუნეების კრებულში, რომელიც გადაწერილია ნაკლები განათლების მქონე პიროვნებისაგან ცუდი მხედრულით. ხელნაწერში ტექსტი ძნელად იკითხება, შეინიშნება გრამატიკული შეცდომები. ამან განაპირობა ის სხვაობა, რომელიც არსებობს ხელნაწერსა და ბეჭდურად გამოცემულ ტეესტს შორის (მაია გაბაშვილის ანბანთქება პირველად 1936 წელს გამოქვეყნდა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518;  ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.115-117; ძველი საქართველოს პოეტი ქალები: გამოკვლევა და ტექსტები / ლევან ასათიანი.- ტფილისი,1936.-გვ.23


Share: