The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაგიკი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ჰერეთ–კახეთის მეფე 1037–1058 წლებში. კვირიკე III დიდის დისწული და შვილობილი. იგი იყო ტაშირ–ძორაგეთის მეფის დავით ბაგრატუნის ძე, რომელიც დაქორწინებული იყო კვირიკე III დიდის დაზე. იგი სომხურ ისტორიოგრაფიაში დავით ანჰოლინის ანუ დავით "უმიწაწყლოს" სახელით არის ცნობილი. ქართულ საისტორიო წყაროებში გაგიკი იხსენიება როგორც "ძე დავით სომეხთა მეფისა სამშვილდარისა და ძორაკერტელისა". გაგიკი უნდა იგულისხმებოდეს ხირსის წმინდა სტეფანეს ეკლესიის სამხრეთ ფასადის ასომთავრულ წარწერაში. სავარაუდოა, რომ XI საუკუნის მცხეთის საბუთის მელქისედეკის "დაწერილის" დამამტკიცებელი "კვირიკე მეფე, დისწული კვირიკე მეფისა" არის იგივე გაგიკი, ძე სომეხთა მეფისა დავით ანჰოლინისა და დისწული კვირიკე რანთა და კახთა მეფისა. გაგიკმა კახეთის სამეფოში საფუძველი ჩაუყარა ტაშირ–ძორაგეთის ბაგრატუნთა ანუ ე.წ. სომეხ კვირიკიანთა საგვარეულო განშტოებას. 1039–1040 წლებში გაგიკი საქართველოს მეფე ბაგრატ IV–ს ეხმარებოდა  თბილისისათვის ბრძოლაში, შემდეგ კი ებრძოდა ბაგრატ IV-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის დაპყრობას ცდილობდა. ბრძოლა მოხდა მიქელ-გაბრიელის მთასთან(მისი მდებარეობა დაუდგენელია). გაგიკი დამარცხდა. ბაგრატმა დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა  ბოდოჯის დარბაზი. კახეთ-ჰერეთის სამეფომ დაკარგა ჰერეთი, რომელიც შემდეგში ხან გაგიკის ხელში იყო, ხან კი ბაგრატისა. 1044–1045 წლებში გაგიკი ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღვაშის მოკავშირე გახდა. დაახლოებით 1045–1046 წლებში, როდესაც ბაგრატ IV თბილისში შევიდა და ისნის გასათავისუფლებლად იბრძოდა, გაგიკი მის მხარეზე გადავიდა, მაგრამ მალე 1046–1047 წლებში, როდესაც ლიპარიტი კვლავ განუდგა საქართველოს მეფეს, გაგიკმა ისევ ლიპარიტის მხარე დაიჭირა. ასეთი მოქნილი პოლიტიკის წყალობით, გაგიკმა მოახერხა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527


გააზიარე: