ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გურგენი
დაბადების თარიღი: | 9?? |
გარდაცვ. თარიღი: | 1008 |
კატეგორია: | სამეფო ოჯახის წევრი |
ბიოგრაფია
ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთ მეფე(994-1008); ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა; ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი; გურგენმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში; 975 წელს ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს; ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გურგენი შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რომლებიც ქართლისათვის იბრძოდნენ; დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გურგენი გაათავისუფლეს; 988 წელს გურგენი მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში; მამის გარდაცვალების შემდეგ, 994 წელს გურგენი დაჯდა მის ადგილზე, მაგრამ რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო, მას მეფეთ მეფე უწოდეს; გურგენი ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, რომელიც ბიზანტიას ეჭირა; იმპერატორმა ბასილი II-მ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებლად ბაგრატს კურაპალატობა უბოძა, გურგენს კი მაგისტროსობა(კურაპალატობა მეტი პატივი იყო), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია; სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ "წყალობით" შეურაცხოფილი გურგენი ტაოს დასაპყრობად გაეშურა; ბიზანტიელებმა გურგენის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.211
|