The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1871
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 1933  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.

მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში; აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში (1905); დააარსა გუნდი და ორკესტრი; 1908–1917წწ. სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას; იყო აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს; 1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი (1919, 1923, 1929–1932); მოსკოვში დაიბეჭდა მისი პირველი რომანსები "ახალ აღნაგო სულო", "ნანა, შვილო"(მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს), აგრეთვე "მრავალჟამიერი" (1908, სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), "ქართული ლიტურგია"(1910); განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას (300-მდე); გამოსცა 2 კრებული - "40 ქართული ხალხური სიმღერა" (1910) და "8 ქართული ხალხური სიმღერა" (დამუშავება, 1910); მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს: 1910 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა "აბესალომ და ეთერზე"(მონუმენტური ოპერა-ტრაგედია), 1913 წელს შესრულდა ნაწყვეტები, 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ოპერის პრემიერა; "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ–ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვი (1931), მოსკოვი, სსრკ "ბოლშოი" თეატრი (1939, 1946), ლენინგრადი (1972), კიევი (1972), ქუთაისი (1969), უცხოეთში - ლოძი (1972), ზაარბრიუკენი (1974); გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი; ლირიკულ-დრამატული ოპერა – "დაისი" (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს), ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისი საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვი (1937), კიევი (1938), ალმა-ათა (1943), ბაქო (1956), სარატოვი, ოდესა, ნოვოსიბირსკი, ერევანი, გორკი, 1974 წელს დაიდგა ზაარბრიუკენში, 1975 წელს - პლეზენში, გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე; გმირულ-პატრიოტული ოპერა - "ლატავრა" (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), გამოირჩევა ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები; ასევე – "საზეიმო კანტატა" (1927); იგი ნოვატორი კომპოზიტორია, პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები; 1937 წლიდან მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია მისი სახელობის სახლ-მუზეუმები; 1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 214; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლა, ფუძემდებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: