The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ მუხრანბატონი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ბაგრატ მუხრანბატონი იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის I ნახევარში, მწერალი, მეფე დავით X–ის ძმა, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი, ქართლის სამეფოს მემარცხენე სადროშოს სარდალი. ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის, ავგიორგის ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა. 1512 წელს მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბაგრატ მუხრანბატონი სოფელ ციხისძირის თავში, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი სამი თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. 1513 წელს ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა(ახლანდელი მცხეთის რაიონი), ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და ციხეში დაამწვდია, სადაც იგი გარდაიცვალა. ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბეს სახელით ბერად შედგა. ბაგრატ მუხრანბატონს ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები, ანტიმაჰმადიანური თხზულება "მოთხრობაჲ სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაჲ". ავტორი განიხილავს მაჰმადიანური სარწმუნოების ისტორიას და ქრისტიანობის აპოლოგეტის პოზიციიდან განაქიქებს ამ რელიგიას. თხზულება აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძველი ქართველ მთარგმნელთა შესახებ. მასში პირველად არის მოხსენებული ქართველი საერო მწერლობის ცნობილი ძეგლი "ამირანდარეჯანიანი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.322


გააზიარე: