შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაბაგრატ IV იყო იმერეთის მეფე(1660–1661, 1663–1668, 1669–1678, 1679–1681), ალექსანდრე III–ის ძე. ალექსანდრე III–ის გარდაცვალების შემდეგ(1660, 4 მარტი), ბაგრატის დედინაცვალმა დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი, მაგრამ მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს, ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს. დარეჯანის საქციელით უკმაყოფილო თავადთა ერთმა ნაწილმა(ქვემო იმერეთიდან) ვამიყ დადიანი, მეორე ნაწილმა კი(ზემო იმერეთიდან) ვახტანგ V შაჰნავაზი მიიწვია იმერეთში. ვამიყმა შეიპყრო დარეჯანი და ვახტანგი(ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა) და თავი მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ვახტანგმა ზემო იმერეთი დაიკავა. დადიანი და ვახტანგი შეთანხმდნენ და იმერეთი შუაზე გაიყვეს, საზღვრად მდინარე ბუჯისწყალი დადეს(1660). ცოტა ხანში მათ შორის ურთიერთობა აირია და ვახტანგმა დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა. ჯერ იმერეთში აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები, შემდეგ კი ოდიში. ვამიყ დადიანი ცოლ-შვილით სვანეთში გაიქცა და ჭაქვინჯის ციხეს შეაფარა თავი. ქუთაისში ვახტანგმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავისი ძე, არჩილი(1661 წელი), შემდეგ ქართლში დაბრუნდა და თან წამოიყვანა უსინათლო ბაგრატ IV. მოგვიანებით ვახტანგმა ირანის მოთხოვნით არჩილი უკან გაიწვია და იმერეთში კვლავ გამეფდა ბაგრატი. ვახტანგმა ბაგრატს გაატანა იორამ სააკაძე, იორამმა იგი ქუთაისში მიიყვანა და ტახტზე დასვა. ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალურ შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა "ტყვის სყიდვა", ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე ორჯერ(1666, 1668) გადასცა ოსმალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ 1674 წელს იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.317
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |