The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ V (დიდი)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1393
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატ V დიდი იყო საქართველოს მეფე  1360–1393 წლებში, დავით IX-ის ძე. ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს "დიდის" სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას "გამოჩენილ სარდალს" უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V "ძლევამოსილისა და ძლიერის" სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი(ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონიო, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქალაქი ანისი და მისი ოლქი  ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი. ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე, გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანაზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1386 წელს თემურ–ლენგი დიდძალი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა და მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, აიღო თბილისი. მტერმა დაატყვევა ბაგრატ V, მისი მეუღლე ანა და შვილი დავითი. თემურ–ლენგმა ბაგრატ V-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატ V დიდხანს უარზე იყო, ბოლოს დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ მალე გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.317


გააზიარე: