The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბანცური

რევაზ ბანცური
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2013  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანცურთკარი, ანანურის თემიდუშეთის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1962წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1962-1969წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1983წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წლიდან ამავე ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არჩეული იყო თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში რუსეთის ნაციონალური კომიტეტის წევრად; წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თორიული მექანიკის კათედრაზე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება დრეკადობის ბრტყელი თეორიის სასაზღვრო და საკონტაქტო ამოცანებს, ანალიზურ ფუნქციათა თეორიის შერეულ სასაზღვრო ამოცანებს, დრეკადობის თეორიის ნაწილობრივ უცნობსაზღვრიან ამოცანებს, ნახვევი ტიპის ინტეგრალურ და უსასრულო ალგებრულ განტოლებათა სისტემებს; მან არსებითად განავითარა ნ. მუსხელიშვილის თემატიკა და ახალი მიმართულებებით მნიშვნელოვნად გააფართოვა დრეკადობის ბრტყელი თეორიაში ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენების სფერო; ინტეგრალური გარდაქმნების გამოყენებით ზოგიერთი კლასის საკონტაქტო ამოცანა დაიყვანა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ახალი ტიპის გადადგილებიან სასაზღვრო ამოცანაზე, რომელსაც მან უწოდა კარლემანის ტიპის ამოცანა ზოლისათვის; დაამუშავა ახალი ტიპის ფაქტორიზაციის მეთოდი და ამოხსნა კარლემანის ტიპის ამოცანა საკმაოდ ზოგად შემთხვევაში. აღნიშნულ მეთოდს ზემოთხსენებული ამოცანებისათვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც XX საუკუნის ორმოციან წლებში შესწავლილ საკონტაქტო ამოცანებისათვის დამუშვებულ ნ. მუსხელიშვილის მეთოდს. ამიტომ, ეს მეთოდი ცნობილია კანონიკურ ამონახსნთა რ. ბანცურის მეთოდის სახელწოდებით და ამჟამად წარმოადგენს ერთადერთ ზოგად მეთოდს, რომელიც იძლევა ხსენებული საკონტაქტო ამოცანების ეფექტური ამოხსნის საშუალებას; მანვე, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ზოგიერთი კლასისათვის დაამუშავა ფაქტორიზაციის მეორე მეთოდი, რომლის გამოყენებითაც მოგვცა ამ კლასის ამოცანების ამოხსნადობის დასრულებული თეორია. მის მიერ მიღებული შდეგებიდან სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებულია ძაბვათა კონცენტრაციის საკითხის შესწავლა ბზარის ბოლოებში; მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგი რღვევის მექანიკაში, რამაც დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა მანქანათმშენებლობაში, გემთმშენებლობასა და საავიაციო კონსტრუქციების დაპროექტებაში; ააგო ინტეგრალური წარმოდგენები კარლემანის ტიპის ამოცანებისათვის, რომლებიც იგივე როლს ასრულებენ რასაც ცნობილი კოშის ინტეგრალები წრფივი შეუღლების ამოცანებისათვის. არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1972).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დრეკადობის ბრტყელი თეორიის საკონტაქტო ამოცანები და მათთან დაკავშირებულ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანები", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 38; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.184-185

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: