The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ახმეტელი

სანდრო ახმეტელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ახმეტელი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1886
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1937  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1916 წელს.

1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". 1920 წელს რეჟისორად მიიწვიეს თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის ექსპრესიონისტული "ბერდო ზამნია", 1921 წელს კი ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". იმავე წელს დაინიშნა სახელმწიფო თეატრების მმართველად. 1923 წელს კ. მარჯანიშვილმა რეჟისორად მიიწვია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1924 წლიდან იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1926–1935წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 წელს სანდრო ახმეტელის ინიციატივით დაარსდა მსახიობთა კორპორაცია "დურუჯი". იგი იყო კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის "გმირი", 1923; ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები", უ. შექსპირის "უინძორელი ცელქი ქალები", ორივე 1924 და სხვ.). 1928 წელს ახმეტელმა დადგა ბორის ლავრენიოვის "რღვევა", რომელიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში და ს. შანშიაშვილის "ანზორი". ახმეტელმა "ანზორში", შ. დადიანის "თეთნულდსა" (1931) და ვ. კირშონის "ქართა ქალაქში"(1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახალი ეპოქის ხასიათი.  ახმეტელის შემოქმედებაში ახალი სიტყვა იყო ფრიდრიხ შილერის "ყაჩაღების" (1933) დადგმა (თანადამდგმელი შ. აღსაბაძე). ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შემოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზაციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს. სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. "ლამარას"  რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის "ლამარამ". საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ეროვნული სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს. 1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა–დახვრეტა (ქონების კონფისკაციით). 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.300; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 106-107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: