The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ საფარელი

დაბადების თარიღი:0??
გარდაცვ. თარიღი:0??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

არსენ საფარელი იყო ქართლის კათალიკოსი, ავტორი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისა "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა". მისი ცხოვრების თარიღები უცნობია. სამეცნიერო ლიტერატურაში  გამოთქმული ვარაუდები მერყეობს VII-XIV საუკუნეებს შორის. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით იგი გაიგივებულია IX საუკუნის II ნახევრის მოღვაწესთან არსენ I დიდთან. არც ერთი ეს შეხედულება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დასაბუთებულად. არსენ საფარელის თხზულების წყაროები, ლექსიკა და ტერმინოლოგია, ავტორის ცოდნა კავკასიის ეკლესიების ისტორიისა, აძნელებს ტრაქტატის დათარიღებას XI საუკუნის II ნახევრზე  უფრო ადრინდელი ხანით. არსენ საფარელის ტრაქტატი შეიცავს ამიერკავკასიის(უპირატესად სომხეთის) საეკლესიო და პოლიტიკურ ისტორიას ბიზანტიისა და ირანის იმპერიებთან ურთიერთობის ფონზე(IV საუკუნის დასაწყისიდან 726 წლამდე). შედარებით დეტალურად არის წარმოდგენილი VI საუკუნის შუა ხანა 80–იან წლებამდე და VII საუკუნემდე, ვინაიდან, ავტორის აზრით, ამ დროს ჩამოყალიბდა სომხეთის მონოფიზიტური ეკლესია. არსენ საფარელის თხზულების ძირითადი წყაროა ჩვენამდე ბერძნულ ენაზე მოღწეული ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი "Narratio de rebus Armeniae"("სომხეთის მოვლენათა მატიანე"). ისტორიკოსი, ჩანს, სარგებლობდა ამ ტექსტის სომხური ორგინალით(VIII საუკუნე), როგორც თხზულებისათვის საერთო გეგმის შედგენისას, ისე VI–VII საუკუნეებში ცალკეული სიტუაციების აღწერისას. გარდა დასახელებული ტრაქტატისა, არსენ საფარელი თავისი თხზულების ძირითადი ნაწილისათვის იყენებს ბიზანტიელი მოღვაწის ფოტიოს კონსტანტინოპოლელის ეპისტოლეს ზაქარია სომეხთა პატრიარქისადმი(895 წელი), იოანე დრასხანაკერტცის "სომხეთის ისტორიას(X საუკუნის 20–იანი წლები), ასოღიკის(სტეფანოს ტარონეცი) "მსოფლიო ისტორიას"(1004 წლის შემდეგ), ანონიმურ საეკლესიო ქრონიკას. შეიძლება იმის ვარაუდი, რომ არსენი იცნობდა ქართლისა და სომხეთის საეკლესიო იერარქთა მიმოწერას VII საუკუნის დამდეგს, იოანე ოძუნელის თხზულებას "კრებათა შესახებ"(726–728 წლები), მანაზკერტის 726 წლის ადგილობრივ საეკლესიო კრების კანონებს. ტრაქტატში  თითქმის მთლიანად იგნორირებულია VI საუკუნის II ნახევრი; IV–V საუკუნეებში კავკასიაში რელიგიური სიტუაციის გადმოსაცემად ავტორი იყენებს აგათანგელოსის, მოვსეს ხორენაცისა და ლაზარ ფარპეცის "სომხეთის ისტორიებს". მხედველობაში მიღებულია აგრეთვე გრიგოლ განმანათლებლის "ცხოვრების" ქართული ვერსია და "საჰაკ ჰართელის ხილვის" ერთ–ერთი ვერსია. არსენ საფარელის თხზულებაში გვხვდება ისეთი ისტორიული ცნობები, რომლებიც სხვა წყაროებში არ არის დადასტურებული, რის გამოც იგი ზოგ შემთხვევაში  პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს. თხზულების ფართო ქრონოლოგია და არეალური ჩარჩოები, გამოყენებული დიდძალი ქართული, სომხური და ბერძნული ენებზე, უცხოენოვანი ლექსიკა, ტერმინები ქართულ ენაზე თარგმანებით მოწმობს ავტორის დიდ ერუდიციას და ენების ცოდნას. არსენ საფარელს ეკუთვნის შუა საუკუნეების იმ ქართველ მოღვაწეთა წრეს, რომელიც საეკლესიო განხეთქილებას კავკასიასი განიხილავდა, როგორც გარეშე ძალდატანებით გამოწვეულ პოლიტიკურ აქტს და არა შინაგან აუცილებლობას. იგი გმობს მონოფიზიტობას, მაგრამ დარწმუნებულია სომეხი ხალხის "უბრალოებაში", რომელმაც მართლმადიდებლობას გადაუხვია სპარს მეფეთა "ნებით".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.208

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: