The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით III (კურაპალატი)

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:1001
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე; დავით III ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერ-ტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს; X საუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა; დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა; როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შეიპყრეს ბაგრატი, მისი მამა — გურგენი და დედოფალი გურანდუხტი, დავით III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია; გაიბა ფართო ეკონომიური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან; აღდგა საქართველოში არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება; აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია; ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა; ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა; გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს; შემორჩენილია აგრეთვე მისი დაკვეთილი ბრილის საწინამძღვრო ჯვარი(დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში); დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში(მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის); ქართლის ერისთავის - იოანე მარუშისძის რჩევით იშვილა ბაგრატ III, რადგან აფხაზეთის მეფეს თეოდოსს შვილი არ ჰყავდა და წესით აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის(ბაგრატის) ხელში; ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა მისი მამის გურგენის მიწები, და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთი ბაგრატს დარჩებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა; დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში; 979 წელს დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში; ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე; ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან; ჩანს, დავით III-ს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა; ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 წელს დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე; აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა; მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან; დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები - ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები - ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი; 990 წელს დავით III-მ მაზანკერტი აიღო, 997 წელს ალყა შემოარტყა ხლათს; 998 წელს დავით III-ის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დავით III-მ დაამარცხა მომხდურნი; მტრისგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე დავით III თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა; დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.263


გააზიარე: