The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით VI ნარინი

დავით VI ნარინი
დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაახლოებით 1230 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა; მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-1243წწ., დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა; იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო–ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა; ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყურუმში; ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა; საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ; 1246 წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე; ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა და ორივე მეფედ დაამტკიცა; 1248 (1249) წელს დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ; 1259 წლამდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს; 1256 წლიდან საქართველო ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა; მონღოლობის ბატონობის სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო 1259 წელს დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით; ყაენმა ჰულაგუმ დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით; დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა; არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წიმააღმდეგ მოუხდა ბრძოლა (1260); ეს უკანასკნელი 1261 წელს იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო; 1262 წელს, როცა დავით VII მონღოლებს შეუთანხმდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, დავით VI ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს(იმერეთის) მეფედ დარჩა; დასავლეთ საქართველოზე მონღოლების ბატონობა არ ვრცელდება და დავით VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას; მისი საგარეო პოლიტიკა იქეთ იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მეტოქე ქვეყნებთან და აღედგინა საქართველოს პოლიტიკური გავლენა ტრაპიზონის სამეფოში; ამ მიზნით ჯერ 1264-1265წწ., ხოლო შემდეგ 1268 წელს დავით VI-მ ელჩები გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან; მეორე მხრით, დავით VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან; ამასთან, დავით VI ცდილობდა ილხანთა სამეფოში ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა; 1269 (1270) წელს დავით VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რომელიც ბარახა–ყაენთან (მავერა-ნაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ყაენი 1266-1271წწ.) ერთად აბაღა–ყაენის(ილხანი 1263-1282წწ.) წინააღმდეგ იბრძოდა; მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღურ ძარცვა-რბევას მიჰყო ხელი, იგივე დავით VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად; 70-იან წლებში დავით VI-ს გადაუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე, რომელიც აბაღას ეახლა და დავით VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შესთავაზა; აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დავით VI ხელში ვერ ჩაიგდეს; მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს ძლიერების შესუსტებას ტრაპიზონის სამეფოში ქართული ორიენტაციის დასის განადგურება და ბიზანტიის მომხრე პოლიტიკური დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა; განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტიის მთავრობა ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის (1266-1297) დროს. 1282 წლის აპრილში დავით VI-მ ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში; ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, თუმცა საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო; 1284 წელს საქართველოში გათხოვილი ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და თეოდორა დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა; იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა; დავით VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად (აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე და დასავლეთ საქართველო) იყო დაყოფილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267


გააზიარე: