The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ათანასე თბილელი (მიტროპოლიტი)

ოფიციალური სახელი:ათანასე ამილახვრისშვილი
დაბადების თარიღი:1705
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1774  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა დაახლოებით 1705 წელს თავად ავთანდილ ამილახვრის ოჯახში. მოღვაწეობა დაიწყო შიომღვიმის მონასტერში. ძმასთან, დიპლომატ ვახტანგთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ის ამალას, იქვე აკურთხეს იღუმენად. 1734 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1740 წელს რუისის მიტროპოლიტი გახდა, იმავე წლის ივლისიდან–თბილისის მიტროპოლიტი (თბილელი). მის დროს ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურდა სამწყსო, ამაღლდა სიონის ტაძრის ავტორიტეტი. აჭარელი მარკოზის მიერ გადანუსხული XV საუკუნის კრებული იესე ბარათაშვილს გადააწერინა. 1748 წელს გადანუსხა წმინდანთა ცხოვრება. ერეკლე II–მ  ათანასე თბილელს დაავალა აბდულა-ბეგთან  მოლაპარაკება, რომელიც მეფეს ქართლის სამეფო ტახტს ეცილებოდა. 1752 წელს თეიმურაზ II-მ  და ერეკლე II-მ მას რუსეთში წასვლა და მოლაპარაკება დაავალეს. კახეთის სამეფოდან ს. მაყაშვილიც გააყოლეს. თავისი დიპლომატიური ნიჭით ათანასე თბილელმა შეძლო დაეინტერესებინა რუსეთის სამეფო კარი ქართლ–კახეთის სამეფოთი. დიპლომატიური მოღვაწეობის დროს იგი მოსკოვის ტაძრებში ღვთისმსახურებას ეწეოდა. შემდგომში მან ავადმყოფობა მოიმიზეზა, დარჩა მოსკოვში და სათავეში ჩაუდგა მოსკოველ ქართველთა იდეურ ცხოვრებას. იგი სინოდის შტატშიც ჩაირიცხა. ალექსანდრე ბაქარის ძისა და სხვათა ხელშეწყობით მან მოსკოვში კულტურული მოღვაწეობა გააფართოვა. შექმნა მეორე დამოუკიდებელი ქართული სტამბა ჯვართამაღლების მონასტერში 1762 წელს. დიდი ტირაჟით გამოსცა "დავითნი" (1764, 1768), "სადღესასწაულო" და სხვა წიგნები და საქართველოს ეკლესიებში გამოაგზავნა. ათანასე თბილელმა ბევრი იღვაწა საქართველოს საეკლესიო–კულტურული ცხოვრების ასამაღლებლად, თავისი  ქონების ნახევარი ქართლ–კახეთის მეფეს უანდერძა, მეორე ნახევარი კი–იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს, ქრისტეს საფლავის საყდარს. საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე. დიპლომატი, მწიგნობარი. მოსკოვის ქართველთა ახალშენის ერთ-ერთი მეთაური. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74


გააზიარე: