The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ამილახვარი

დაბადების თარიღი:1689
გარდაცვ. თარიღი:1754  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (გარდაიცვალა 1754 ან 1757) იყო ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722  წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723–1735), თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წელს ოსმალებს  ხელი ააღებინა სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე. 1727 წელს მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა. თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირ–შაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ 1734 წელს ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე). თბილისის დაკავების შემდეგ ირანელებმა აღმოსავლეთ საქართველოს მმართველად დანიშნეს ალექსანდრე დავითის ძე(ალი–მირზა). დამყარდა "ყიზილბაშობა". მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 წელს ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავთან  და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველობისათვის, ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს. 1741 წელს შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი "ირანოფილური" პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და 1742 იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. 1744 წელს აჩაბეთის ბრძოლაში ამილახვარი დამარცხდა და 1745  წელს იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისთანის პროვინციის მმართველი. 1747 წელს ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა "ურჩი" თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 წელს  ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსკენ. უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129


გააზიარე: