The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო ამაშუკელი

ვასო ამაშუკელი
ოფიციალური სახელი:ვასილ ამაშუკელი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1886
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1977  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში (1893–1897). ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვში. დაამთავრა აგრეთვე ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილების კურსები(1908). კინოოპერატორის ხელოვნება შეისწავლა დიმიტრი ვოლკოვთან.

1907 წელს ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ელექტროტექნიკუმში გააგრძელა სწავლა და ერთ წელიწადში ბაქოში საუკეთესო მექანიკოსი გახდა. მალე მუშაობა დაიწყო ცნობილი თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხისა და მისი სიძის, ივანე გეპნერის კინოთეატრში "ელექტრო-ბიოგრაფი". 1908 წლის ბოლოს მან და გეპნერმა ბაქოში ჩაიტანეს ფრანგული "გომონის" აპარატურა. მათ არ აკმაყოფილებდათ ბელგიური კომპანია "პირონეს" მიერ მიწოდებული ფილმები, ამიტომ გადაწყვიტეს, თავად შეექმნათ პროდუქცია. 1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება. 1908–1909 წლებში ბაქოში გადაიღო პატარა სიუჟეტები: "ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით", "ნავთის გადასხმა ტუმბოებით", "ბაქოს ბაზრის ტიპები", "შეჯიბრება ცურვაში", "ი. რამიშვილის სტამბის მუშაობა", "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სეირნობა ქალაქის პარკში", "ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით", "გემის შემოსვლა ნავსადგურში", "გემის გადმოტვირთვა", "ქართული სცენის მოღვაწენი" და სხვ. მისი ფილმები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით. ვასილ ამაშუკელი გადაღებულ მასალას თავისივე პრიმიტიულ ლაბორატორიაში ამუშავებდა–ამჟღავნებდა, ბეჭდავდა და თვითონვე უჩვენებდა ბაქოს კინოთეატრში. 1910–1921 წლებში ქუთაისში კინოთეატრ  "რადიუმში" მუშაობდა კინომექანიკოსად. 1910 წელს ქუთაისში გადაიღო ფილმი "ფერმა სოფელ ჭომაში", "ქუთაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ხონის ძაფსაღები ფაბრიკა", "ლადო ალექსი–მესხიშვილის იუბილე", "გვირილობა", "ქალაქ ქუთაისის ხედები" და სხვ. ვასილ ამაშუკელის ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში"(1912) თავისი იდეურ–პროფესიული დონითა და მეტრაჟით (1200 მ.) იმდროინდელი მსოფლიო დოკუმენტური კინოს ერთ–ერთი უნიკალური ძეგლია. ფილმში აკაკი წერეთლის სახისა და მისდამი ქართველი ხალხის სიყვარულის გარდა, აისახა ტდადიციები. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ დოკუმენტურ კინემატოგრაფიას. კინოოპერატორი. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.119; burusi.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: