Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია თომაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს. მას ადრეული ასაკიდანვე შეტყობია, აბსოლუტური სმენა და უნიკალური ხმის ტემბრი; პატარაობაში სიმღერას უშლიდნენ და ფუნდამენტურ მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ: 5 წლისა ვიოლინოზე მიაბარეს, 8 წლისა უკვე სტრავინსკის ისმენდა; მუსიკალური ტექნიკუმიც ვიოლინოს დიპლომით დაასრულა; კონსერვატორიაში კი უკვე ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა; 1976 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო); 1980–1983წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე; 1983 წლიდან კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1986 წლის ნოემბერში, ბარსელონაში, მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე, წარმატებით გაიარა სამივე ტური, პირველ ტურში, მაიას ნამღერმა ესპანურმა რომანსმა მარტო მაყურებლის კი არა, მუდამ თავშეკავებული ჟიურის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა (ჟიურიში იყვნენ – მონსერატ კაბალიე, ირინა არხიპოვა, ჯუზეპე დისტეფანო, რენტა კუპერი, მაგდა ალივიერო); გამარჯვებულთა კონცერტზე შეასრულა ლეონორასა და აიდას არიები, მერე კი მსმენელის დაჟინებული თხოვნით დ. არაყიშვილის "ქალის ურმული" და უკვდავი "სულიკო"; მის აფიშას მიეწერა, ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პირველი პრემიისა და გრან პრის მფლობელი; წარმატებით ასრულებდა სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთერის პარტია (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), იგი აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო როლად (1977, 1987), თამარი (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), სილვანა (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"), დონა ანა (ვ. ა. მოცარტის "დონ ჯოვანი"), აიდა, ელისაბედი (ჯ. ვერდის "აიდა", "დონ კარლოსი"), ფატა მორგანა (ს. პროკოფიევის "სამი ფორთოხლის სიყვარული"); მას ჰქონდა იშვიათი სილამაზის რბილი ტემბრის ხმა; 1992 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ფინეთში, ქ. ჰელსინკში; გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან; "გედის სიმღერად" იქცა მის მიერ შესრულებული ეთერის პარტია ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე (1994); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თბილისის სამგორის N 20 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). კომპოზიტორ ნათელა სვანიძისა და ოპერის მომღერალ პეტრე თომაძის შვილი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 113; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 176; რეზო შატაკიშვილი მაია თომაძის ტრაგიკულ ბედზე / რეზო შატაკიშვილი // პრაიმტაიმი.-თბილისი, 2009.-29 ივნისი.-N 16.-გვ.30–31 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |