The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბელ ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

აბელ ანდრონიკაშვილი იყო კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი. დაწინაურდა ბეჟან–ხანის მმართველობის(1677–1683) დროს. XVII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კახეთის ხანის ძალაუფლების დასუსტების შედეგად ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სადავები ხელთ იგდეს რევაზ ჩოლოყაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ და აბელ ანდრონიკაშვილმა, მათ ქართლის მეფე გიორგი XI მფარველობდა(1688–1703 წლებში ქიზიყი ქართლის მეფეს ემორჩილებოდა). აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I–ის ქალიშვილი ქეთევანი(გარდაიცვალა 1718 წელს). ერეკლე I-ის ირანში გაწვევის(1703) შემდეგ ანდრონიკაშვილის პოლიტიკური პოზიციები შეირყა. ქიზიყის მოურავობა მისმა უახლოესმა ნათესავებმა–პაატა და რევაზ ანდრონიკაშვილებმა მიიღეს. ოსმალების მიერ კახეთის მეფე კონსტანტინე II–ის და კახი დიდებულების დახოცვის(1729) შემდეგ კვლავ დაწინაურდა და დაიწყო ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა(ახალციხის ფაშა, რომელიც თბილისის მმართველად იყო დანიშნული). 1735–1736 წლებში იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის(ალი-მირზას) კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. აბელ ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს. ალექსანდრე ბატონიშვილის(ალექსანდრე დავითის ძე) ირანში გაწვევის (1737) შემდეგ ანდრონიკაშვილი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.150


გააზიარე: