შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემეტრე უფლისწული![]()
ბიოგრაფიასაქართველოს მეფის გიორგი I–ისა და ალდე დედოფლის ვაჟი; მამის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე უფლისწული დედასთან ერთად საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში(აფხაზეთი) ცხოვრობდა; მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანმა აზნაურებმა დემეტრე უფლისწული ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს და მისი გამეფება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ; ვერც ბაგრატ IV-მ და ვერც მისმა მომხრეებმა შეძლეს დემეტრე უფლისწულის შემორიგება; 1032 წელს დემეტრე უფლისწულმა და ალდემ სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს; დემეტრე უფლისწული კონსტანტინოპოლში გაიქცა; XI საუკუნის 40–იან წწ. დასაწყისში დემეტრე უფლისწულის გამეფების საბაბით ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ IV ბაღავში ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია; მას თან მოჰყვა დემეტრე უფლისწული, მაგრამ ბაგრატ IV-მ მოკავშირეები დაამარცხა; 1046 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ სცადა დემეტრე უფლისწულის გამეფება. ამ მიზნით ის ბიზანტიელთა და სხვათა დამხმარე ჯარით ქართლში შემოიჭრა; გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე უფლისწული გარდაიცვალა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დემეტრე უფლისწული მხოლოდ იარაღი იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში. როგორც ვარაუდობდნენ, დემეტრე უფლისწულის ჩამომავალი უნდა იყოს თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.375
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |