The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიევქტოს კარბელაშვილი

პოლიევქტოს კარბელაშვილი
სხვა სახელი:პოლე კარბელაშვილი
პ. კარბელოვი
პ.კ.
გურჯაანელი  (ფსევდონიმი)
ვერიცანა  (ფსევდონიმი)
ვიცხელოლი  (ფსევდონიმი)
უსისტყელი  (ფსევდონიმი)
ცხვილოელი  (ფსევდონიმი)
ჭალელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:1936  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გურჯაანი
კატეგორია:ისტორიკოსი, მუსიკოსი, მწერალი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, ახლანდელი კასპის რაიონი.

საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

ის მოღვაწეობდა ქ. თბილისში, ქ. გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში; ამავე დროს ეწეოდა კვლევით მუშაობას და ხშირად აქვეყნებდა საინტერესო მასალებს ჟურნალ-გაზეთებში; ავტორია წიგნებისა: "ქართული საერო და სასულიერო კილოები, ისტორიული მიმოხილვა" (1898), სადაც განხილულია მიქაელ მოდრეკილის "იადგარი" და გამოთქმულია საყურადღებო შეხედულება საგალობლებში ჩართულ სამუსიკო ნიშნებზე, მოცემულია ჰიპოთეზა ქართული საეკლესიო მუსიკის წარმართული ჰანგებიდან წარმოშობის შესახებ; ქართული საგალობლები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან ჩაიწერა და ერთ კრებულად გამოსცა მ. იპოლიტივ–ივანოვმა, იგივე მასალა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის დაამუშავა და კრებულის სახით დაბეჭდა ზ. ფალიაშვილმა (1910); იყო საქართველოს ისტორიის მოამაგეც - გადაწერა და შემოინახა 2000-მდე სიგელ-გუჯარი, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს ცენტრალურ არქივში; მან დიდი ღვაწლი გასწია XII-XIII სს. "ქრონიკის" შედგენის საქმეში, აქ დაუნჯებულია მდიდარი დოკუმენტური, ეპიგრაფიკული, ეთნოლოგიური და ფოლკლორული მასალები (იხ. საქართველოს ისტორიის ქრონიკები. თბ., 1880 წ.); აღსანიშნავია მისი საგამომცემლო მოღვაწეობა, მოამზადა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები: "ვეფხისტყაოსნის" დამატებანი (1880, N3, "ივერია"), ანტონ I-ის "მზა–მეტყველება" (1892), იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამება" (1899), "წმინდა ნინოს ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია, რომელიც არსენ ბერს (XI-XIIსს.) მიეწერება (1902), "ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინეპოლისა" (1903), იოანე ხელაშვილის "ოქროს წყარო" (1905); მის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში, კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად "კარბელაანთ კილოს" უწოდებენ; იყო მგალობელი, დეკანოზი. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე  6 სექტემბერი დააწესა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ.130; orthodoxy.geქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.557; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: