The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ ანდრონიკაშვილი

ლუარსაბ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1872
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1939  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბდების ადგილი: სოფელი ოჟიო, ახლანდელი ახმეტის რაიონი.

უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში.

1899 წელს შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. იყო "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იგი იცავდა შეიარაღებული აჯანყებებისა და დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს(ბათუმის დემონსტრაციის საქმე, 1903), (ლეიტენანტ  პ. შმიდტის მეთაურობით აჯანყებულ  შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა სევასტოპოლის პროცესი, 1906), (პეტერბურგის მუშათა დეპუტატების საბჭოს პროცესი, 1906), ("ნოვოროსიისკის რესპუბლიკის" საქმე, 1908–1909), (რევოლუციონერ–ტერორისტების(პეტერბურგში ქალაქის მმართველის გენერალ ლაუნიცის მკვლელობის საქმე, 1907), (სახელმწიფო საბჭოს წევრის გრაფ იგნატიევის მკვლელობის პროცესი, 1907), (ნიკოლოზ II–ის მკვლელობის მომზადების საქმე, 1907), რევოლუციური და პროგრესულ პრესას(ბოლშევიკთა პირველი ლეგალური გაზეთის "ნოვაია ჟიზნის" რედაქციის მდივნის ი. გუკოვსკის, ლ. ტოლსტოის გამომცემლების, ჟურნალ "რუსსკოე ბოგატსტვოს" რედაქტორის ვ. კოროლენკოს საქმეები) და სხვ. 1917 წლის აპრილში დროებითმა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. ა. კონისთან,  ნ.ტაგანცევსა  და სხვა გამოჩენილ იურისტებთან ერთად იგი მონაწილეობდა სისხლის სჯულდების გადამსინჯველი საკანონმდებლო კომისიის მუშაობაში. 1917 წლის შემდეგ  ანდრონიკაშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. კითხულობდა ახალი ფილოსოსფიის კურსს ტულის პედაგოგიურ ინსტიტუტში(1919-1920), სასამართლო მჭევრმეტყველებას მოსკოვის სიტყვის სახელმწიფო ინსტიტუტში(1920-1921). 1921 წლის დამლევს იგი თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას, სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი–დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე(1937) და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. საბჭოთა მთავრობამ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიავლინა უცხოური(ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით(1930-1931), რომელიც მან წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია აგრეთვე ანდრონიკაშვილის საჯარო გამოსვლები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. მეცნიერ–იურისტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152


გააზიარე: