The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი როინიშვილი

გოგი როინიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი როინიშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1921
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 2000  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1946 წელს.

1947 წლიდან ჟურნალ "დილას" რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს; აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს. თავისი ნამუშევრებისთვის იყენებდა სხვადასხვა მასალას: ზეთისა და ტემპერის საღებავებს, გუაშს, აკვარელს, ფანქარს, ტუშსა და კალამს. გიორგი როინიშვილის შემოქმედებისათვის სახასიათოა სიახლის მუდმივი ძიება. პეიზაჟურ ფერწერაში მხატვარი იყენებს იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს, ფუნჯის მონასმი თამამი, თავისუფალი და შეუზღუდავია. ნაგებობათა დამახასიათებელი სტილით შეიცნობა სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ხედები. იყენებს დეკორატიულ მოტივებსაც. ამასთან, ნახატი ხასიათდება ფერადოვანი, სიბრტყობრივ-ლაქობრივი შესრულებითა და დეტალური დამუშავებით. ხატავს ეთნოგრაფიულ ტიპაჟებსაც. გოგი როინიშვილი ყოველთვის ცდილობს, დარჩეს საკუთარი პრინციპების ერთგული და ახერხებს კიდეც თავიდან აიცილოს საბჭოთა წლებში გამეფებული იდეოლოგიური დოგმატიზმი. რაც შეეხება მის აბსტრაქტულსა და კუბისტურ კომპოზიციებს, აქ მხატვარი თავს აღწევს ერთფეროვნებას. შემოქმედების ბოლო ათწლეულებში წერის ტექნიკა უფრო ლესირებული გახდა, მონასმი კი იმდენად თხელი, რომ ხშირად საღებავის თვისებრიობის გარჩევაც კი ჭირს. გიორგი როინიშვილი დაუღალავი და მუდმივად მაძიებელი მხატვარი იყო. ძირითადად მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის მოთხრობების (1947), ნ. ნაკაშიძის მოთხრობების (1950), ე. ზედგენიძის რომანის "მზის ამოსვლამდე" (1960), გ. ძნელაძის ზღაპრის "მზის სტუმარი" (1970) და სხვ. ილუსტრაციები. ფერწერული ნამუშევრები: "შეტაკება ნასაკირალთან 1905 წელს" (1955), "კავალერიის შეტევა" (1965), "ფიცი" (1978) და სხვ. დაჯილდოებულია მედლებით. გრაფიკოსი, ფერმწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკოპედია: ტ.8.–თბ.,1984.–გვ.423; georgianart.ge;  google.gegeorgianart.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 200-201

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: