The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავქსენტი მეგრელიძე

ავქსენტი მეგრელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1877
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1953  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარია 1898 წელს.

სწავლისას ის მუსიკისადმი დიდ მიდრეკილებას იჩენდა, გარდა იმისა, რომ გუნდში მღეროდა, ეცნობოდა კიდეც სანოტო ანბანს. 1893 წელს მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად სიმღერა - გალობას ასწავლიდა. პარალელურად იგი ქალაქის პირველდაწყებით სკოლაში და ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობდა. 1897–1898 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს. 1898 წლიდან ეწეოდა სალოტბარო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი თბილისში. 1900 წლიდან იგი ფოთში საეკლესიო გუნდს ლოტბარობდა და თან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. აქვე ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ხელმძღვანელობდა ანსამბლს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში. 1913 წლის ნოემბერში ანსამბლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი მსახიობის ლადო მესხიშვილის პატივსაცემად ფოთში გამართულ იუბილეზე. 1917 წელს ფოთში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მომღერალთა ოცდაათკაციანი გუნდი, რომელსაც სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუდგა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში. 1927 წელს სუფსაში, ხოლო 1933 წელს თბილისში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელიც წარმატებით ასრულებდა მის მიერ დამუშავებულ ხალხურ სიმღერებს, მასში ოცამდე ქალი მღეროდა. 1940-1946 წლებში ის იყო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებული ქართული ხალხური გუნდი. შეკრიბა და ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა (კერძოდ გურული), მან აგრეთვე შეადგინა დიდი რეპერტუარი ინსტრუმენტებისათვის (ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი). რამდენჯერმე მიწვეული იყო პედაგოგიურ სამუშაოზე მოსკოვსა და ლენინგრადში. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 167; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.536; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.8; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.653

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: