The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ყიფიანი

ვასილ ყიფიანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1855
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1936  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყიფიანთუბანი, ზემო ქართლი.

წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1873 წელს; იმავე წელს სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1877 წელს წარმატებით დაამთავრა. უნივერსიტეტის გამგეობამ მას კათედრაზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ რადგან სტუდენტობის წლებში კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიანტი იყო, მთავრობამ ნება არ დართო უნივერსიტეტში დარჩენილიყო. 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან სამოღვაწეოდ პედაგოგიური საქმიანობა აირჩია. იგი ჯერ დაღესტანში, ხოლო შემდეგ ვლადიკავკაზში დანიშნეს მათემატიკის მასწავლებლად. 1883 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მოიწვიეს, სადაც ჯერ მასწავლებლად, შემდეგ კი ინსპექტორად მუშაობდა; 1884-1892წწ. იგი ქუთაისის სააზნაურო სკოლაში მოღვაწეობდა, სადაც მრავალი ახალი და საყურადღებო რეფორმა გაატარა; 1892 წელს კვლავ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში გადმოდის სამუშაოდ; პარალეურად იგი მიწვეულ იქნა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დირექტორად, რომელსაც 1917 წლამდე უძღვებოდა. მან ქართულ ენაზე პირველმა შექმნა სასკოლო მათემატიკის მნიშვნელოვანი დისციპლინის - ალგებრის ფუნდამენტური კურსი - "დაწყებითი ალგებრა". ეს სახელმძღვანელო პირველად 1893 წელს გამოიცა თბილისში (ავტორისავე ხარჯით), მეორედ კი ქუთისში გამოიცა 1918 წელს. ამ სახელმძღვანელოს შექმნა მრავალ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ რომ ამ დროისათვის მათემატიკურ ცნებათა გამომხატველი ტერმინოლოგია ჯერ კიდევ სრულიად დაუდგენელი იყო. ამისათვის, მან თავისი ხარჯით საგულდაგულოდ დაამზადებინა სპეციალური მათემატიკური ნიშნები. ეს სახელმძღვანელო მასალის სიახლით და მისაწვდომოთ, ასევე მეთოდური დალაგების ორიგინალურობით და მრავალი სხვა ღირსებით არაფრით ჩამოუვარდებოდა საქართველოში რევოლუციამდე არსებულ საუკეთესო რუსულ სახელმძღვანელოებს. წიგნი შეიცავდა 680 გვერდს და მასში იმ დროისათვის საშუალო სკოლებში მიღებული ალგებრის სრული კურსი იყო წარმოდგენილი, სადაც დიდი ოსტატობით იყო გაშუქებული, როგორც თეორიული საკითხები, ისე სავარჯიშო მაგალითები და ამოცანები. როგორც რეცენზენტები აღნიშნავდნენ, ეს იყო ამ დროის ქართული სკოლისა და ქართული მათემატიკური მეტყელებნის ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი ფაქტორი, რადგან ამ დროში ყოველი საგნის სწავლება რუსული სახელმძღვანელოებით წარმოებდა. ვასილ ყიფიანი თავისი დროისათვის შესანიშნავი სწავლული მეთოდისტიც იყო, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მეთოდური წერილები და რეცენზიები მათემატიკის სახელმძღვანელოებზე, სადაც განსაკუთრეუბლ ადგილს უთმობს ენის საკითხს და ყურადღებას ამახვილებს ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის დადგენის აუცილებლობაზე. მისი მოსაზრებები დიდად უწყობდა ხელს ქართულად მათემატიკური დისციპლინების უკეთ სწავლების საქმეს. მან მხატვრუ მწერლობაშიც დატოვა თავისი კვალი. მის კალამს ეკუთვნის საკმაოდ ცნობილი ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა "სამეგრელოს მთვარი ლევან". მძიმე ავადმყოფობის შედეგად ვასილ ყიფიანი ძალიან ადრე, 1918 წლიდან საბოლოოდ ჩამოსცილდა საზოგადოებრივ ასპარეზს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.110-111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1885-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: