The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ყიფიანი

მიხეილ ყიფიანი
სხვა სახელი:სპირიდონ ჩიტორელიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1833
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1891  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვახანი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა გორის სამაზრო სასწავლებელი 1848 წელს; სწავლა განაგრძო კავკასიის სამიჯნე სკოლაში (თბილისი).

კავკასიის სამიჯნე სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში იყო. ამავე დროს პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. 1871 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში (ვლადიკავკაზში), სადაც თერგის მხარის გამიჯვნის საქმის უფროსად მუშაობდა და აქვე გარდაიცვალა "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის" ჩინით; მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის" დაარსებასა და მის საქმიანობაში; იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი გამგეობის წევრი; ქართული სკოლები გახსნა სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში; მას ეკუთვნის არითმეტიკისა და გეომეტრიის პირველი ქართული სახელმძღვანელოები; საქართველოსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის რუკები (1886); ქართული სასტამბო ე.წ. "ვენური" შრიფტი (1864, ახლანდელი "ჩვეულებრივი"); აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ცხოვრებაში; 1886 წლიდან "ივერიაში" თანამშრომლობდა; პირველმა თარგმნა ქართულად მიხეილ ლერმონოტოვის "ჩვენი დროის გმირი", უილიამ შექსპირის "იულიუს ცეზარი" და სხვ.; მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა "თერგის ოლქის მთიელთა შორის განათლებისა და ტექნიკური ცოდნის გამავრცელებელი საქველმოქმედო საზოგადოება", რომლის პირველი თავმჯდომარე 1883 წლიდან თვითონ იყო; მისი თაოსნობით 1890 წელს გამოიცა "ოსური ანბანი"; მისი მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი ოსეთში საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმეს; ავტორია წიგნისა "ყაზბეგიდან იალბუზამდე" (1884, რუსულ ენაზე); მისი მეშვეობით გაეცო ქართველი ხალხი კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედებას, ვისთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა; მიხეილ ყიფიანის ღვაწლს მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძემ. ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.655; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.358

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერგის ოლქის მთიელთა შორის განათლებისა და ტექნიკური ცოდნის გამავრცელებელი საქველმოქმედო საზოგადოება, დამფუძნებელი, თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • ქართული დრამატული საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია

  • გეომეტრია (ავტორი) // ნაწ. 2-5 . - ტფილისი, ე. ხელაძის სტ., 1891. - 205-466გვ.
  • გეომეტრია (ავტორი) // ნაწ. 1: პლანიმეტრია. - ტფილისი, ე. ხელაძის სტ., 1888. - 211გვ.
  • От Казбека до Эльбруса : Путевые заметки о нагор. полосе Тер. обл. (ავტორი). - Владикавказ, тип. Тер. обл. правл., 1884. - 47с.
  • არითმეტიკა : სახელმძღვანელოდ სოფლის მასწავლებელთათვის (ავტორი). - თბილისი, არ. კალანდაძის და ამხ. სტ., 1884. - 456გვ.

გააზიარე: