The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ყულოშვილი

მიხეილ ყულოშვილი
Date of birth:1845
Date of death:1917  (at 72 years)
Burial location:კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო
Category:Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილია: სოფელი კაკი, საინგილო (თანამედროვე აზერბაიჯანის კახის რაიონი, სოფ. კახი).

მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა; ზეპირად იცოდა "ვეფხსიტყაოსანიც"; მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო; 1866 წელს დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა; 1870 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში; 1888-1904წწ. აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში; XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება; 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. სოფელი მუსლიმანებით იყო გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს იგი სარწმუნოებრივ ნიადაგზე აწამეს და მოკლეს. 2012 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.726 


Share: