შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიო ჩიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1887 წელს. შემდეგ ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის მეორე გიმნაზიაში და მესამე კლასში ჩაირიცხა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშობაში; გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა 1892 წელს; 1893 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც იგი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა; მალე იგი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს; კიევის უნივერსიტეტის კურსი მან წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, მათ შორის ფუნდკლეევის ცნობილ ქალთა კერძო გიმნაზიაში; იგი შესანიშნავ მასწავლებლად იქნა აღიარებული კიევის სასწავლო ოლქში, ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კიევის პროგრესულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ათავსებდა ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს; ეწეოდა რევოლუციურ მუშობას; 1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა; მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული; ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ქართულ გიმნაზიაში მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-აღზრდის ახალ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრონციპებზე დამკვიდრებას შეუდგა; ამავე პერიოდში უფრო ფართოდ გაშალა რევოლუციური მუშაობა; მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო 1905 წლის 13 აპრილის მოწინავე მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში; სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების "ცნობის ფურცლისა" და "შრომის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო; იგი იყო მოწინავე საზოგადო მოღვაწე პედაგოგი, პოლიტიკური მოაზროვნე, პუბლიცისტ-ჟურნალისტი და მხატვრული ლიტერატურის თვალსაჩინო კრიტიკოსი. 1906 წელს ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |