The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ჭარაია

პეტრე ჭარაია
Other name:პ. გიორგიძე  (Pseudonym)
Date of birth:12 June, 1861
Date of death:2 December, 1919  (at 58 years)
Burial location:სოფელი ეშქეთი
Category:Explorer, Writer, Educator, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უშქეთი, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი 1877 წელს. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მიატოვა სემინარია 1882 წელს და პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. 1883 წლიდან გარდაცვალებამდე ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებლად მუშაობდა სამურზაყანოს სკოლებში (ოჩამჩირისა და გალის რაიონის). ამ დროიდან იწყება მისი დაინტერესება ენათმეცნიერებით, ისტორიით, ეთნოგრაფიით. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან მისი ნაშრომები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში ("მოამბე", "ივერია", "კვალი", "ცნობის ფურცელი", "სახალხო გაზეთი", "განათლება"). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველურ ენათა შესწავლაში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: "მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან", "ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მართლწერა" და "ქართულ-მეგრული და მეგრულ-ქართული ლექსიკონი", რომლის გამოქვეყნებაც ავტორმა ვერ მოახერხა და სიკვდილის წინ ხელნაწერი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა. ამჟამად ეს ნაშრომი დაცულია კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თავის საენათმეცნიერო გამოკვლევაში იგი ეხება ქართულისა და მეგრულის ნათესაობის საკითხებს, აყალიბებს ბგერათშესატყვისობების ფორმულებს და დიდძალი მასალა მოჰყავს მათ საილუსტრაციოდ. იგი სპეციალურად ჩერდება იდენტურ მასალაზე და თვლის, რომ "ბევრი ერთგვარი სიტყვები ერთი ენის მიერ მეორისაგან გადმოღებული კი არ არის, არამედ ამ ენათა პირვანდელ საერთო სალაროშია შექმნილ-შემუშავებული". ჭარაიას მოსაზრებათა ერთი ნაწილი ქართულისა და მეგრულის ბგერათშესატყვისობათა შესახებ თანამედროვე ქართული ენათმეცნიერების თვალსაზრისით მიუღებელია, მაგრამ არსებითია, რომ მან შეძლო ზოგი კორექტივი შეეტანა მანამდე არსებულ ფორმულებში და პირველმა შეაპირისპირა საკმაოდ დიდი რაოდენობა ქართული და მეგრული ძირებისა. იგი იზიარებს ნ. მარის აზრს ქართველური ენებისა და აფხაზურის ურთიერთმიმართების შესახებ, ამასთანავე, გვთავაზობს არაერთ საყურადღებო დაკავშირებასა და ეტიმოლოგიურ დაკვირვებას. დღესაც ანგარიშგასაწევია მისი მოსაზრება სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების ურთიერთობის, სალიტერატურო ენის გამდიდრებაში დიალექტების როლის, ენის სიწმინდისა და მისთანა პრობლემების შესახებ. ჭარაიას, როგორც ენათმეცნიერის, მოღვაწეობას სათანადოდ აფასებდნენ ნ. მარი, მ. ჯანაშვილი, ივ. ჯავახიშვილი. მან გერმანულიდან თარგმნა რამდენიმე საენათმეცნიერო ხასიათის ნაშრომიც: ა. შლაიხერის "დარვინის თეორია და ენათმეცნიერება" (1889); გ. ზეემანის "ენის წარმოდგომაზე" (1896). მასვე ეკუთვნის რამდენიმე ლიტერატურული ნარკვევი, კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია (ფსევდონიმით პ. გიორგიძე) და ეთნოგრაფიული გამოკვლევაც ("აფაზეთი და აფხაზნი", 1888). საზოგადო მოღვაწე, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პედაგოგი და პუბლიცისტი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.585; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1911 - გრიგოლ დადიანის სახელობის პრემია

Bibliography


Share: