The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰენრიკ ჰრინევსკი

ჰენრიკ ჰრინევსკი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:1938  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1881-1889წწ. იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაამთავრა ჯერ ტექნიკური სასწავლებელი, ხოლო შემდგომ ნატიფი ხელოვნების აკადემია; ქ. კალსტრუეს (გერმანია) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეუფლება არქიტექტურის სპეციალობას 1890 წელს.

სწავლის პერიოდში მან არაერთი შენობა-ნაგებობის საინტერესო არქიტექტურული პროექტი შექმნა და განახორციელა. მამის გარდაცვალების მერე დედასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა; ხატვას და არქიტექტურას ევროპაში სწავლობდა; 1898 წელს საქართველოში დაბრუნდა და სიკვდილამდე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახელოვნებო ცხოვრებაში, როგორც მხატვარი, არქიტექტორი და პედაგოგი. ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში; 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პროფესორად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც იგი იყო. ეკავა დეკანისა და პრორექტორის თანამდებობებიც; დიდი დამსახურება მიუძღვის ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვისა და მათი ჩანახატების შესრულების საქმეში; 1912 წელს არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად გაიმარჯვა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტისათვის გამოცხადებულ კონკურში. მისი მოხატულია ამ ნაგებობის ინტერიერი; მისი მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილიც; 1914 წელს გამოვიდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ილუსტრირებული გამოცემა, ჰრინევსკიმ ამ გამოცემისთვის ილუსტრაციები შექმნა და მთელი კრებული მხატვრულად გააფორმა. მას უყვარდა და კარგად ესმოდა ქართული ხელოვნება და თავისი შემოქმედების თემატიკით, სტილისტიკით, ზოგადი ხასიათით იგი ქართველი ხელოვანი იყო; 1923 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1927-1929წწ. ამავე აკადემიის პრორექტორი; ჰენრიკ ჰრინევსკი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.762-763; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: