The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ჩოლოყაშვილი

სოლომონ ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1944  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ყირიმში (უკრაინა) ნიკიტინის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში გააგრძელა; 1904 წელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის ნიკიტინის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც სწავლა ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე კლოსტერნოიბურგის მევენახეობის, მეხილეობისა და დეკორატიული მებაღეობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა; 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება და ამავე ინსტიტუტში გააგრძელა სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები.

1908 საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სასოფლო-სამეურნეო მუშაობაში; 1919-1923წწ. უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე მევენახეობის კურსს ხელმძღვანელობდა; 1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში კითხულობდა ლექციებს; 1923 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ სოლომონ ჩოლოყაშვილი დოცენტად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიანიჭა; 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით სოლომონ ჩოლოყაშვილი წელიწადნახევრიანი სამეცნიერო მივლინებით გაგზავნეს საზღვარგარეთ; მუშაობდა გერმანიაში (გაიზენჰაიმი) და საფრანგეთში(მონპელიე); უცხოეთში მოღვაწეობის პერიოდში საფუძვლიანად გაეცნო მევენახეობა-მეღვინეობის წამყვანი კვლევითი დაწესებულებების მუშაობასა და მევენახეობის ცნობილ რაიონებს საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, უნგრეთსა და ავსტრიაში; სამეცნიერო მივლინებიდან სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერი აგრძელებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. პარალელურად იწყებს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებისთვის ზრუნვას; შეისწავლა საქართველოში ფილოქსერის გავრცელების პირობები, მისგან გამოწვეული დაზიანებანი და დაასაბუთა ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე ნამყენი ვაზით გაშენების საჭიროება; მისი ხელმძღვანელობით გამოკვლეულ იქნა საქართველოს ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ფონდი და გამოიყო სამრეწველო მიმართულების ვაზის ჯიშები; მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ვაზის ჯიშთა დარაიონება. 1931 წელს მისი ინიციატივითა და ძალისხმევით თბილისში დაარსდა მევენახეობა-მეღვინეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წარმართავდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მუშაობას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მაშინდელი საბჭოთა კავშირის მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რესპუბლიკაში; 1935 წლიდან ს. ჩოლოყაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობას თავი მიანება და მთელი თავისი დრო და ენერგია მის მიერვე შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას დაუკავშირა; ამ კათედრას ის 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კვლავაც აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეცნიერი მოღვაწეობდა "სსრკ ამპელოგრაფიის" სარედაქციო კოლეგიის წევრად. ქართველი აგრონომ-მევენახე, სოფლის მეურნეობის მეცნიერ დოქტორი, პროფესორი (1926).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.147კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.507

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: