The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1970-1978წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე; ლექციების კითხვა დაიწყო 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1978-1992წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე; არის ამავე ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი 1985 წლიდან, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა გეოგრაფია-ეკოლოგიის სპეციალობა; 2004 წლიდან გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგეა. უმაღლეს განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორ საბაკალავრო (გეოგრაფია, ეკოლოგია), ორ სამაგისტრო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) და ორ სადოქტორო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) პროგრამას. 2007-2017 წლებში არჩეული იყო თელავის ი. გოგებაშვილის სასელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად; 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს; ახალ პროგრამებთან დაკავშირებით შემოიტანა ახალი საგნები: გეოგრაფიული მოდელირება, ეკოლოგიური პროგნოზირება, კლიმატის ცვლილება, დედამიწის კლიმატი, ატმოსფეროზე ანტროპოგენური ზემოქმედება და სხვა. შესაბამისად შეადგინა დამხმარე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და დაცულ იქნა 2 სადოქტორო (მეცნიერებათა დოქტორი), 10 საკანდიდატო და 11 აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები; ელიზბარ ელიზბარაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ორი სამეცნიერო ატლასის და 20-მდე მონოგრაფიის ავტორია; მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, მის მიერ გაანალიზებულ კავკასიის კლიმატების ვერტიკალურ სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა ინოკენტი გერასიმოვმა; გამოვლენილი აქვს საქართველოს კლიმატური, მათ შორის საკურორტო და ენერგეტიკული რესურსების თავისებურებანი; ყურადღება დაუთმო გლობალური დათბობის პრობლემას, გამოავლინა კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები; აკადემიკოსების ანდრია გრიგორიევისა და მიხეილ ბუდიკოს გეოგრაფიული ზონალურობის პერიოდული კანონის საფუძველზე შეაფასა საქართველოს სტეპური და ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტების გაუდაბნოების ალბათობა, რაც საფუძვლად დაედო ახალი მეცნიერული მიმართულების - ლანდშაფტების კლიმატოლოგიის განვითარებას; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა შრომათა ციკლები სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების (გვალვა, წაყინვა, საშიში ნისლი, ელჭექი, სეტყვა, გრიგალური ქარი, გამტარების შემოყინულობა) და ნიადაგების კლიმატური რესურსების (სითბური, ტენის) შესახებ; კვლევის შედეგები დაინერგა საქართველოს კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმატური რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის - "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები" (მოსკოვი, 1989), რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993). 2011 წელს გამოიცა მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შესრულებული "საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი". გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.645; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი = Georgian Travellers, Geographers, Explorers of Nature : ენციკლოპედ. ცნობარი / ავტ.-შემდგ.: კობა ხარაძე, შოთა ჯავახიშვილი.-თბ., 2003.-გვ.115–116; ელიზბარ ელიზბარაშილი: სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობის 50 წელი/თ. ურუშაძე, თ. ცინცაძე, რ. ჭითანავა.-თბ.,2019 - openlibrary.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: