The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურგინა ენაკოლოფაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

1776-1778წწ. ერეკლე II-ის საგანგებო ელჩი ოსმალეთში; მისი მამა მკვიდრი თბილისელი იყო; "ოსმალობისას" თბილისიდან აიყარა და ყარაბაღში გადასახლდა; მშობლების გარდაცველების შემდეგ მან და მისმა ძმებმა იმოგზაურეს სპარსეთში, შეისწავლეს მრავალი ენა და სპარსულ საკრავებზე დაკვრა; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მან სამსახური დაიწყო მეფე ერეკლეს ვაჟთან - გიორგისთან, რომელმაც მას მირზიბა უბოძა; შემდგომ მირზობა და ვეზირობა უბოძა მეფე ერეკლემაც(თ. ბაგრატიონი); ო. ხერხეულიძის ცნობით, იგი "სპარსულისა და თათრულისა და არაბულისა მთარგმნელი და მწერალი იყო ესე მრავალსა ენასა ზედა განსწავლული და ფრიად ჭკვიანი კაცი სწავლული და ერთგული მეფისა და რიტორი და სიტყვიერი კაცი"; 1776 წლის ზაფხულში ერეკლე II-ის დავალებით იგი ახალციხის ფაშასა და სოლომონ I-ის წარმომადგენლებთან ერთად სტამბოლში ჩავიდა; იგი არამარტო ერეკლე II-ის, არამედ ამიერკავკასიის ხანების სახელითაც მართავდა მოლაპარაკებას ოსმალეთთან; ამ ელჩობის მიზანი იყო ოსმალეთის მფარველობის აღიარებით სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება; ოსმალეთს ერეკლეს თხოვნა ხელს აძლევდა, რამდენათაც მას რუსეთისაკენ მიმავალი პოლიტიკური გზების ჩაკეტვა სურდა; ამავე დროს ეს ალიანსი გულისხმობდა ერეკლეს ანტიირანულ კურსსაც, დროებით მაინც; სტამბოლში მყოფი რუსი ელჩის სტაციევის ცნობით, "ერეკლესა და ოსმალეთის სულთანს შორის სამეგობრო და საკავშირო ტრაქტატი დაიდო", რომლის შედეგად შეწყდა მარბიელი თავდასხმები აღმოსავლეთ საქართველოზე, გაათავისუფლეს ახალციხიდან გატაცებული ქართველი ტყვეები და ქართლ-კახეთის ასაოხრებლად გამზადებული ლაშქარიც დაშალეს; 1778 წელს ამ შეთანხმებამ ოფიციალური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც გურგინა ოსმალეთიდან დაბრუნდა და სულთნის მიერ ერეკლესათვის გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქრებიც ჩამოიტანა; მალე აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა და ეს განზრახვაც ჩაიშალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.669



გააზიარე: