შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა კილოსანიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1955 წელს; ხოლო 1961 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო ფაკულტეტი. იგი ა. ბალანჩივაძის N3 საფორტეპიანო კონცერტის პირველი შემსრულებელია საქართველოში. 1960-1993წწ. თბილისის გრამფირფიტების ჩამწერი რესპუბლიკური სტუდიის ფირმა "მელოდია"-ს ხმის რეჟისორია, შესრულებული აქვს ჩანაწერები მსოფლიო მნიშვნელობის შემსრულებელებთან: მსტისლავ როსტროპოვიჩი, ელისო ვირსალაძე, გენადი როჟდესტვენსკი, ალექსანდრე კორსანტია, ლიანა ისაკაძე, ნატალია გუტმანი, გიდონ კრემერი, იური ბაშმეტი, მარინა იაშვილი, თენგიზ ამირეჯიბი, ეთერ ნაჯაფარიძე, ნოდარ გაბუნია, მანანა დოიჯაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ელისო ბოლქვაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე და სხვ. დღემდე თანამშრომლობს პროფესიულ მუსიკალურ კოლექტივებთან: სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ოდისეი დიმიტრიადის, დიდიმ მირცხულავასა და ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ხელმძღვანელობით, სახელმწიფო კამერული ორკესტრი ქალთა გუნდი, ს. ცინცაძის სახელობის საქართველო სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ბოროდინის სახელობის სიმებიანი კვარტეტი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-20 საუკუნის ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაციაში. ჩაწერილი აქვს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების: ანდრია ბალანჩივაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, რევაზ გაბიჩვაძის, ნოდარ გაბუნიას, ვახტანგ კახიძის, ფელიქს ღლონტის, დავით თორაძის, ბიძინა კვერნაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ვაჟა აზარაშვილის და სხვათა ნაწარმოებები. მას ჩაწერილი აქვს თითქმის მთელი ქართული ხალხური მუსიკალური რეპერტუარი სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით: ანსამბლი "რუსთავი", საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, "ბასიან", "ანჩისხატი", "ოდილა", "წინანდალი", "მზეთამზე", "მართვე", "ბიჭები", "არქაიკა" და სხვა. აღსანიშნავია, მის მიერ ხმის ჩამწერი სტუდია "SONY CLASSIC" -სათვის ანსამბლ "რუსთავთან" ჩაწერილი 300 ქართული ხალხური სიმღერა, ანსამბლის საიუბილეო დისკები, და ანზორ ერქომაშვილთან ერთად გამოჩენილი ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლების ხმების ჩანაწერების აღდგენა. წლების განმავლობაში მიხეილ კილოსანიძე აქტიურად მუშაობდა ხმის რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში"-ც მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციური ფილმებზე ( "იავნანამ რა ჰქმნა", "სვანეთის მარილი", "არსენას ლექსი", "უკვდავების თეთრის ვარდი" და ბევრი სხვა), პარალელურად, მუშაობდა საქართველოს რადიოში, სადაც აწარმოებდა ჩანაწერებს რადიოს ოქროს ფონდისათვის. აღსანიშნავია, მის მიერ ჩაწერილი მუსიკა ქართულ დრამატულ თეატრებში (შ. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი "ხანუმა"). მას ეკუთვნის თითქმის ყველა ქართველი საესტრადო შემსრულებლის ჩანაწერი. მათ შორის: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ბუბა კიკაბიძე, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, გოგი დოლიძე, გიული ჩოხელი, ეთერ ჭელიძე, ლილი გეგელია, თამრიკო ჭოხონელიძე; ანსამბლები: "ორერა", "რერო", "დიელო", "ვია - 75", "ივერია", "ცისფერი ტრიო", "თბილისი", "ქართული ხმები", თბილისის ბიგ ბენდი გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის ყველა სფეროს მონაპოვარის შენახვის, სათანადოდ წარმოჩენის და შემდეგომი განვითარების საქმეში. პარალელურად იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ხმის რეჟისორი; 1993 წლიდან კი თბილისის ჯ. კახიძის სახელობის "მუსიკალურ-კულტურული ცენტრის" ხმის რეჟისორი. ქართველი პიანისტი, ხმის რეჟისორი. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2017 წელს გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 258; საზოგადოებრივი პორტალი: ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |