The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კილოსანიძე

შალვა კილოსანიძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1989  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1925-1928 წლებში სწავლობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ - კ. მარჯანიშვილთან "სამანიშვილის დედინაცვალზე" და ზ. ბერიშვილთან "იბრაჰიმ და გოდერძიზე". 1928 წელს უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ შევიდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (პედაგოგი ნემიროვიჩ-დანჩენკო). 1931 წელს მოსკოვის საოლქო ოპერის რეჟისორია, საოპერო რეჟისორ ი. ლაპიცკისთან ერთად განახორციელა დადგმები: ჟ. ბიზეს "კარმენი", ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი", ჯ. პუჩინის "ბოჰემა", რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები", პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი". 1933 წელს ფოთის თეატრის რეჟისორია, 1935-1936 წლებში მუშაობს "სახკინომრეწვში" მ. ჭიაურელის რეჟისორ-ასისტენტიად პირველ ქართულ ხმოვან ფილმზე "არსენა" და რეჟისორ-კონსულტანტად კინოსტუდია "ლენფილმის" კინოფილმზე "მოგზაურობა არზრუმში". 1938 წელს მისი თაოსნობით საქართველოს ფილარმონიასთან დაარსდა საქართველოს პირველი საესტრადო სტუდია, რომლის სასწავლო ნაწილის გამგე თვითონვე იყო. 1944 წელს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს თეატრის განყოფილების გამგეა. 1945 წელს გადაიყვანეს მოსკოვის ხელოვნების საქმეთა საკავშირო კომიტეტში უფროს ინსპექტორად და სამეცნიერო- საკვლევი განყოფილების გამგის მოადგილედ. 1946- 1948 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორია, სადაც განახორციელა ჟ. ვერნის "80 დღე დედამიწის გარშემო" და ს. მიხალკოვის "წითელი ყელსახვევი". 1948-1952 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების შემოქმედებით განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1952 წელს თბილისის ოლქის ხელოვნების საქმეთა განყოფილების გამგეა. 1953-1956 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს კულტურის განყოფილების ხელოვნებისა და კინოს ჯგუფის ხელმძღვანელია. 1957 წელს იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი. 1960 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის სამინისტროს კინოწარმოების განყოფილების გამგედ. 1967 წელს კი - საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრალური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ სამმართველოს უფროსად. 1969-1970 წლებში იყო თბილისის გრიბოედოვის თეატრის დირექტორი, 1970-1985წწ. პენსიაზე გასვლამდე იყო ს. ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 258; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.28; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: