Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი II (საქართველოს მეფე)![]()
Biographyსაქართველოს მეფე 1072-1089წწ., ბაგრატ IV-ის ძე; მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა; 1073 წელს მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი; ნინია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო(ეგრისი) დაარბია; მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა"; ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარიტს - ლოწობანი, ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდანს სვანთა ერისთავს - ასკალანა; 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს; გიორგი II-მ მესხთა ლაშქრითა და კახთა მეფის აღსართანის გამდგარი ფეოდალი დაამარცხა; ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს; მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ, მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფალდონს მიჰყიდა; 1073 ან 1074წწ. საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, დაარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან დაბრუნდა; იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი; გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი; ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალრიცხოვანი კლარჯეთისა, შავშეთისა ჯავახეთისა და არტანისა", აგრეთვე ციხე-ქალაქი, "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები; საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა; 1079 წელს ყველის ციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით; მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს; თურქებმა ააოხრეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით დაბრუნდნენ უკან; XI საუკუნის 80-იან წლების დამდეგიდან დაიწყო სელჩუკიან თურქთა ახალი შემოსევები; გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა(სავარაუდოდ 1081-1082წწ.) და მორჩილება გამოუცხადა; საქართველო სელჩუკიანი თურქების მოხარკე გახდა; კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარიც გამოაყოლა; მტრისა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა; ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა; ზამთარში მოულოდნელად გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რის გამოც მას კიცხავს დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი; ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური უბედურება მიწისძვრა(1088), რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება; 1089 წელს გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი(შემდეგ აღმაშენებლად წოდებული) დასვეს; ისტორიკოსთა ერთი ნაწილი(ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევს 1089 წელს, ხოლო ზოგიერთი(ნ. ურბნელი, თ . ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) კი 1112 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |